საქსტატი: 2017 წელს საქართველოში საშუალო ხელფასი 6.3%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – “საქსტატის” ცნობით, საქართველოში 2017 წელს საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 6.3%-ით გაიზარდა და 999.1 ლარი შეადგინა.

2017 წელს საქმიანობების დარგების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი იყო საფინანსო და სადაზღვევო სფეროში  და 2008 ლარს მიაღწია; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1594 ლარი; მშენებლობის – 1465 ლარი; ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებში – 1425 ლარი.

2017 წელს საშუალო ნომინალური ხელფასების დონე სახელმწიფო სექტორში თითქმის არ შეცვლილა წინა წელთან შედარებით და 861.2 ლარი შეადგინა. შესაბამისად, საშუალო ხელფასების ზრდა ქვეყანაში მთლიანად არასახელმწიფო სექტორზე მოდის: 2017 წელს
არასახელმწიფო სექტორის ხელფასები 990.9 ლარიდან 1077.1 ლარამდე გაიზარდა.

ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 2017 წელს წინა წელთან შედარებით 8.7%-ით გაიზარდა და 1019.7 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით ბიზნეს სექტორის ყველა დარგში დაფიქსირდა ხელფასების მატება. ხელფასის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (1759.8 ლარი) და მშენებლობის (1473.0 ლარი) დარგებში. წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდამ აღნიშნულ სექტორებში შეადგინა შესაბამისად 11.7 და 15.7%.

არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 962.7 ლარს გაუტოლდა, რაც წლიურ გამოსახულებაში 2.1%-იან ზრდას წარმოადგენს.

2017 წელს, დაკავებული პოზიციების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასებია მენეჯერულ პოზიციებზე: „კანონმდებლების, მთავრობის მაღალი რანგის თანამდებობის პირების და მენეჯერების“ პოზიციაზე ხელფასის დონემ 2177.4 ლარი შეადგინა. ხელფასების დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის დარგის კვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე.

შემთხვევითი სიახლე

აჭარის ღვინის სახლის ქვევრში 8 ტონა ყურძნისგან დაწურული ღვინო განთავსდება

თბილისი (BPI) – აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ღვინის სახლში ყურძნის კრეფა და დაწურვა დაიწყო. ვაზის სანერგე მეურნეობში სასუფრე-საღვინე …