“საქართველოს უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის პროგრამა ევროპის მედია სკოლების ასოციაციაში გაწევრიანდა

თბილისი (BPI) – “საქართველოს უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის პროგრამა ევროპის მედია სკოლების ასოციაციაში გაწევრიანდა. ასოციაციას 28-წლიანი ისტორია აქვს, ბრიუსელში დაარსდა და აერთიანებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და მედია ორგანიზაციებს.

როგორც “საქართველოს უნივერსიტეტის” სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი ნათია კალაძე ამბობს, ეს დიდი წარმატებაა არა მხოლოდ “საქართველოს უნივერსიტეტისთვის“, არამედ თავად ქვეყნისთვის, რამდენადაც მნიშვნელოვანია მედიის განვითარება და ამ განვითარების საფუძველი არის განათლება.

“თუ გვეყოლება ბევრი განათლებული ადამიანი, რომელთაც ექნებათ ბევრი შესაძლებლობა გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნის წარმატებულ გამოცდილებას, ეს დაეხმარება ჟურნალისტიკას წინ წავიდეს, რაც უკეთეს შედეგს მოგვიტანს მედიის განვითარების თვალსაზრისით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს ორგანიზაცია ატარებს სხვადასხვა ტიპის კვლევას, ეს ეხება მსოფლიო მედიაში არსებულ ტენდენციებს. ევროპის მედია სკოლების ასოციაციაში გაწევრიანების შედეგად ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა აქტიურად ჩავერთოთ ასოციაციის პროექტებში. ჩვენი ვიზიტი ბარსელონაში ორმხრივ საინტერესო იყო, ერთი გავწევრიანდით ორგანიზაციაში, მეორე – ჩვენ წევრები გავხდებით  მსხვილი პროექტის, რომელსაც ჰქვია EUCheck. ეს ფაქტობრივად არის ფაქტების გადამოწმება და მიმართულია პროპაგანდის წინააღმდეგ. ეს პროექტი ოქტომბერში ჩაეშვება და ჩვენ მივიღეთ შემოთავაზება, რომ ამ პროექტის ნაწილი გავხდეთ”, – განაცხადა ნათია კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევები უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს მუდმივად განაახლოს პროგრამა და “საქართველოს უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის სკოლის სტუდენტები და კურსდამთავრებულები იყვნენ კონკურენტუნარიანი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე.

კითხვაზე რა სარგებელს მოუტანს ევროპის მედია სკოლების ასოციაციაში გაწევრიანება “საქართველოს უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებს, ნათია კალაძე აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტის მედია სკოლის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა სტუდენტურ პროექტში, გაიღრმავონ ცოდნა და უნარები.

“გვქონდა მოლაპარაკება და უკვე შემოდგომაზე ჩვენი უნივერსიტეტის რამდენიმე წარმატებული სტუდენტი ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით მიიღებს მონაწილეობას workshop-ში”, – ამბობს ნათია კალაძე.

რაც შეეხება ორგანიზაციაში გაწევრიანებას, “საქართველოს უნივერსიტეტის” სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი ნათია კალაძე აცხადებს, რომ პროცესი საკმაოდ რთულია, რადგან მასში გაწევრიანებულია ევროპის 165 წარმატებული მედია სკოლა, მათ შორის არის ისეთები, რომლებიც არიან პულიცერის პრემიის ლაურიატები. ასოციაცია წევრობამდე თითოეული სკოლის შესაძლებლობებს ეცნობა და პროცედურა საკმაოდ მკაცრია. “ჩვენ, ჩვენი უნივერსიტეტი ყოველთვის აქტიურად ვმუშაობთ, რომ მივაღწიოთ მაქსიმალურ წარმატებას და ჩვენი ამდენწლიანი მუშაობის შედეგი არის ევროპის მედია სკოლების ასოციაციის წევრობა.”

ევროპის მედია სკოლების ასოციაციაში საქართველოს უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, დღეიდან აქტიურად დაიგეგმება სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამები ევროპის სხვადასხვა წამყვან მედია სკოლაში; საერთაშორისო კონფერენციებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება, ჟურნალისტიკის წამყვან პრაქტიკოსებსა და მკვლევარებთან აქტიური საერთაშორისო კავშირების დამყარება და მედიაში მიმდინარე სიახლეებისა და მიღწევების გაზიარება.

 

შემთხვევითი სიახლე

ბაზარს საცალო დაკრედიტების გაჯანსაღების არ სჯერა

თბილისი (BPI) – საცალო დაკრედიტების “გაჯანსაღებით”, ეკონომიკის 3%-იან ვარდნაზე,  საბანკო და მისი თანამოაზრე 10  ასოციაციის …