საქართველოს სახალხო დამცველმა Georgian Airways-ი დისკრიმინაციაში ამხილა

თბილისი (BPI) – საქართველოს სახალხო დამცველი Georgian Airways-ს დისკრიმინაციაში ამხელს.

6 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შპს Georgian Airways-ს, რომელმაც შეზღუდული გადაადგილების შესაძლებლობის მქონე პირი არ უზრუნველყო ეტლით.

„კომპანიის ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ეტლით სარგებლობისთვის საჭირო იყო წინასწარი გაფრთხილება 72 საათით ადრე. ვინაიდან მოქალაქის გამგზავრება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, უფრო მცირე დროით ადრე დაიგეგმა, აეროპორტში რეგისტრაციის გავლისას, მან კომპანიის წარმომადგენლისგან ეტლის გამოყოფაზე უარი მიიღო, სხვა თანამშრომელმა კი 104 ევროს გადახდა მოსთხოვა. უნდა აღინიშნოს, რომ ავიაკომპანიის ვებ–გვერდზე ამ საფასურის შესახებ არაფერი იყო მითითებული.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იძულებული გახდა ფეხით გადაადგილებულიყო, რამაც ჭრილობიდან სისხლდენა გამოიწვია. სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებელმა სხვა შეზღუდული მობილობის მქონე იმ პირებისგან განსხვავებით, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ რეისამდე 72 საათით ადრე გააფრთხილონ ავია-გადამყვანი სპეციალური საჭიროების თაობაზე, ვერ გამოიყენა მისთვის განკუთვნილი სპეციალური მომსახურება, რამაც, თავის მხრივ, მძიმე შედეგი გამოიწვია. გარდა ამისა, განმცხადებლისთვის ეტლით მომსახურების დამატებითი ხარჯების მოთხოვნით, განმცხადებელი სხვა მგზავრებთან შედარებით, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენების საფუძველი გახდა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა შპს Georgian Airways-ის რეკომენდაციით მიმართა, ვებ-გვერდზე დეტალურად გაწეროს შეზღუდული შესაძლებლობის და მობილობის მქონე მგზავრების უფლებები; ასევე, უზრუნველყოს საკუთარი პერსონალისთვის შეზღუდული შესაძლებლობის და მობილობის მქონე პირების სპეციფიური საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შემთხვევითი სიახლე

ქართული Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია

თბილისი (BPI) – ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია. უკრაინის ინფრასტრუქტურის …