საქართველო, როგორც ნარკოსატრანზიტო ჰაბი

თბილისი (BPI) – როგორ ხდებოდა ავღანური ჰეროინის ტრანსპორტირება საქართველოს გავლით და რა საფრთხეების შემცველია ოკუპირებული ტერიტორიები

საქართველო თავის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან ნარკოსატრანზიტო დერეფნად ითვლება. ქვეყანა არაერთხელ მოხვდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროკომისიის ანგარიშებში, როგორც ნარკოტიკული ნივთიერებების გამტარი ქვეყანა. აღნიშნული საკითხი წლების განმავლობაში აქტიურად განიხილება როგორც პოლიტიკურ, ისე საზოგადოებრივ წრეებში. თუმცა, მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, ნარკოტრანზიტის თემა მაინც ტაბუირებულად ითვლება და, შესაბამისად, ღიად ამ საკითხზე არავინ საუბრობს. მათ შორის, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, ღია საინფორმაციო წყაროებში ერიდებიან ნარკოსატრანზიტო საკითხების განხილვას.

ქართული ნარკოტრანზიტი საერთაშორისო ანგარიშებში

ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლის სტრატეგიის შესახებ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში საქართველო უკვე წლებია მოხსენიებულია როგორც ”სატრანზიტო”, ასევე ”დანიშნულების” ქვეყნად. ამავე წყაროს ცნობით, ნარკოტრანზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი მარშრუტი ავღანეთიდან და ირანიდან მოდის და აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით, დასავლეთ ევროპისკენ მიემართება. ვითარების შედარებითი გაუმჯობესება აღინიშნება 2014 წლის ანგარიშში და ეს საზღვრებზე კონტროლის შედარებით გამკაცრებას მიეწერება.

გაერთიანებული ერების ნარკოტიკებისა და დანაშაულების ოფისის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ 2015 წელს ბალკანურ გზებზე დატყვევებები შემცირდა, მაგრამ ალტერნატიული გზა, კავკასიის გავლით ბევრად მნიშვნელოვანი გახდა ნარკოტრაფიკის მხრივ. ეს გზა თავიდან იცილებს თურქეთს, სადაც ბოლო პერიოდში იმ დევნილების რაოდენობა გაიზარდა, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებისკენ გადაადგილდებიან. ამ გზაზე გამავალი ჰეროინი ირანის ისლამური სახელმწიფოდან სომხეთში ან აზერბაიჯანში ხვდება და შემდეგ საქართველოში შემოდის, საიდანაც უკრაინაში (ხშირად ოდესაში) ზღვით იგზავნება, ან საქართველოდან პირდაპირ შავი ზღვის პორტებზე ნაწილდება ევროკავშირის ქვეყნებში.
კვლევაში ნათქვამია, რომ 2015 წელს საქართველოს გავლით ევროპის ქვეყნებში ჰეროინის გადატანა რამოდენიმეჯერ განხორციელდა სხვადასხვა გზით. ამავე წელს ნარკოტიკების გადატანის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის მიმართულებით. არაოფიციალური ინფორმაციით, მომდევნო წლებშიც დაფიქსირდა შავი ზღვის გავლით ნარკოტიკების გადატანის ფაქტი.

ოქროს ნახევარმთვარისა და ოქროს სამკუთხედის გზაგასაყარზე

„საქართველოს გეოსტრატეგიული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, უსაფრთხოების ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ საქართველო წლების განმავლობაში ერთ-ერთი უმთავრესი ნარკოსატრანზიტო ჰაბი იყო და ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და გაეროს შესაბამისი უწყებები საკუთარ ანგარიშებში მუდმივად პირდაპირ წერდნენ ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე.
,,ედუარდ შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდში და მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, 2006-2012 წლამდე საქართველო იყო მსხვილი ნარკოტრანზიტის გამტარი ქვეყანა. ამას ემატებოდა ისიც, რომ საქართველო ახლოს იყო ეგრეთწოდებულ ოქროს ნახევარმთვარესთან. ეს არის ჰეროინის წარმოების უმსხვილესი ტერიტორია, რომელიც მოიცავს პაკისტანის, ჩრდილოეთ-სამხრეთ ვაზირისტანის ტერიტორიას, ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთის ტერიტორიებს, ცენტრალურ აზიაში ფერგანის ველს და ქმნის ოქროს ნახევარმთვარის ტერიტორიას. ამ ტერიტორიებზე ყველაზე მაღალი დონის ჰეროინი და სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერება ბუნებრივად მოდის და ეს არის ნარკომომზადების, მოკრეფისა და გაზიდვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტერიტორიები. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ახლო ადგილია ნახევარმთვარის ტერიტორიიდან და, ბუნებრივია, აქ ხდებოდა ირანის, თურქმენეთის და ცენტრალური კასპიის აუზის მეშვეობით მისი ტრანსპორტირება აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალურ ევროპისა და, განსაკუთრებით, ბალკანეთის ქვეყნების მიმართულებით. აქვე გვხვდება მეორე ნარკოსატრანზიტო ჰაბი – ალბანეთი, კოსოვო, საიდაც უკვე ხდებოდა მისი გადანაწილება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში – ამერიკაში, ევროპაში და ა.შ.
რაც შეეხება კოკაინს, მისი მასშტაბური წარმოება ხდებოდა ეგრეთწოდებულ ოქროს სამკუთხედში, ანუ ლაოსის, კამბოჯის და ვიეტნამის ტერიოტორიებზე, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით ბუნებრივი კოკაინი მოდის და მზადდება. ეს უფრო არის აზიური მიმართულება, ჩვენთან იგი ნაკლებათ შემოდის. საქართველო უფრო აზიური, ავღანური ჰეროინი მთავარი სატრანზიტო საკომუნიკაციო ცენტრია. თუმცა, გარკვეული პერიოდი, ლათინოამერიკული კოკაინის ტრანსპორტირებაც ხორციელდებოდა საქართველოში კოლუმბიურ კარტერებთან თანამშრომლობის შედეგად.

რაც შეეხება ოფიციალურ ინფორმაციას, ბოლოს მსხვილი პარტია საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გასულიყო 2014 წელს და ყველას კარგად ახსოვს, რომ მაშინ საქართველოს პოლიციამ მოახერხა მისი დაფიქსირება და, შესაბამისად, დაკავება. ეს იყო ახალი ტექნოლოგიით დამზადებული ნარკოტიკი – ანუ, მყარი ჰეროინიდან თხევად ჰეროინზე გადაყვანილი საქონელი, რომელიც დაამზადეს ავღანეთში, თალიბანის ლაბორატორიებში.
ავღანეთში მოქმედებს, რამდენიმე კარტერული დაჯგუფება, რომლებიც არამარტო ჯიჰადისტური მოძრაობის ქსელია, არამედ საკმაოდ მძლავრი ნარკოკარტელური ჯგუფები არის: კანდაგარის, ჰოსტის, კვეტას და გარკვეულწილად ფერგანის კარტერული ჯგუფები და პლიუს კიდე ჰაკანის ქსელი, რომელიც ტრანზიტს ახორციელებს ამ პროცესებისის მხსვილი მონაწილეა. ეს იყო კანდაგარის დაჯგუფების მიერ გაკეთებული თხევადი ჰეროინი, რომელსაც თალიბანის მოძრაობა აკონტორლებს და სწორედ მათ მიერ იქნა გადმოგზავნილი ტვირთი. ამ ტვირთს ეწოდებოდა ალაჰის ცრემლები და იგი ბალკანეთის ქვეყნებისკენ მიემართებოდა. ეს ფაქტიც ცხადყოფს, რომ საქართველო იყო ფაქტიურად ნარკოსატრანზიტო ჰაბი და აქედან დიდი რაოდენობით ნარკოტიკი გაედინებოდა“, – აცხადებს მაისაია.

შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი…. პანკისი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი…

ვახტანგ მაისაიას განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვანი ნარკოსატრანზიტო ჰაბი შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდში გახდა და სააკაშვილის მმართველობის პერიოდში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა.

,,საქართველოს, როგორც ნარკოსატრანზიტო ჰაბის მიმზიდველობას განაპირობებდა საზღვაო პორტების არსებობა, ვინაიდან ნარკოტრანზიტისთვის ყველაზე მიმზიდველია პორტებთან სიახლოვე.
ედუარდ შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდში საქართველო იყო არამარტო აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარის არამედ ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარის მერიდიანული ხაზების დონეზეც კი ნარკოტრანზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა. პანკისში მომხდარი სპეცოპერაციაც სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება, ვინაიდან იმ დროს ეს ტერიტორია იყო უკონტროლო და იქ არამარტო ნარკოტიკის გასაღება, არამედ ნარკოტიკის დამზადებაც მიმდინარეობდა. გროზნოსთან ახლოს, ჩეჩნეთში იყო გადამზადების ცენტრები და იქიდან ნახევრად დამზადებული ნარკოტიკი ნაწილდებოდა საქართველოს ტერიტორიის გავლით. საქართველოდან კი გაედინებოდა ჩრდილოეთ-სამხრეთისა და დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებებით.

მიხეილ სააკაშვილის დროს კიდევ უფრო გაძლიერდა პროცესები და საქართველო გახდა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ნარკოტრანზიტული კორიდორი. ქვეყანაში მართალია დიდი რაოდენობით ნარკოტიკი არ ილექებოდა, თუმცა ხდებოდა ნარკოტიკების წარმოება, შეფუთვა, გადამუშავება და შემდეგ მათი ტრანსპორტირება.

ხელისუფლების შეცვლისა და ,,ქართული ოცნების“ მოსვლის პარალელურად, ამერიკელებთან და ევროკავშირთან ერთობლივი პროექტების შედეგად, ბოლო წლებში ტრანზიტი შემცირებულია. მართალია სრულად მისი შეჩერება რთულია, თუმცა ფაქტია, რომ იგი საკმაოდ შემცირებულია და ხელისუფლების შესაბამისი უწყებები აქტიურად არიან ჩართულნი ნარკოტრანზიტის აღმოფხვრაში.
ამავდროულად, პანკისის ხეობა ამოვარდა სატრასპორტო კომუნიკაციების სიიდან და იგი გახდა სრულიად უწყინარი ხეობა ამ მიმართულებით. პანკისს ბევრად უფრო მეტი ყურადღება ექცევა სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განვითარების კუთხით, მართალია ჯერ

იდეალური სიტუაცია არ გვაქვს, თუმცა რაც გაკეთდა 2012 წლიდან დღემდე გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს პრობლემა პანკისის ხეობაში აღარ არის.
თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვით ცხინვალისა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც კორუფციის დონე საკმაოდ მაღალია. ნარკოკარტელები საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობენ იქ. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზეთის პორტები, რომელსაც არავინ აკონტროლებს და აქედან გაედინება დიდი ოდენობის ნარკოტიკები ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებით“, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.

გიორგი კაპანაძე, “ბანკები და ფინანსები”

შემთხვევითი სიახლე

ამბროლაურში FIFA-ს სტანდარტების 2 სტადიონი შენდება

თბილისი (BPI) – ამბროლაურში FIFA-ს სტანდარტების 2 სტადიონი შენდება. ამ დროისთვის ამბროლაურში სპორტული მოედნის მშენებლობის …