საქართველო და ლიტვა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ

თბილისი (BPI) – პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ლიტველ კოლეგასთან საულიუს სკვერნელისთან ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

პრემიერმა განაცხადა, რომ 2017 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

“ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით და მიმართული ვართ, რათა ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას, ასევე, ლიტვური პროდუქციის დამკვიდრებას ქართულ ბაზარზე”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მხარეებმა განიხილეს მნიშვნელოვანი რეგიონული სატრანსპორტო პროექტები, რომელთა ერთობლივი განხორციელება ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას და ახალი ბაზრების ათვისებას შეუწყობს ხელს.

“განვიხილეთ ასევე პერსპექტივა, რომელიც მოაქვს ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას და სატრანსპორტო კავშირების დამყარების პერსპექტივა ანაკლიის ახალ პორტსა და კლაიპედას პორტს შორის.

მისასალმებელია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად იზრდება ლიტველ ვიზიტორთა რიცხვი საქართველოში, რასაც მნიშვნელოვნად ხელს უწყობს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ქუთაისსა და ვილნიუსს შორის. საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის სივრცის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების პირობებში, მოველით, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება ორ ქვეყანას შორის ხალხთაშორისი და კულტურული კავშირები. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ ლიტვის მთავრობა საქართველოსათვის ყოველწლიურად გამოყოფს სახელმწიფო სტიპენდიებს და ამჟამად, ლიტვის უმაღლეს სასწავლებლებში 200-ზე მეტი ქართველი სტუდენტი სწავლობს. დარწმუნებული ვარ, 200-ვე ახალგაზრდა, რომელიც დაბრუნდება, გახდება ლიტვის კულტურული ელჩი საქართველოში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.