სახალხო დამცველი მწვანე კონცხის განაშენიანებაზე დადგენილებას მიიჩნევს

თბილისი (BPI) – სახალხო დამცველი EMC-ის კრიტიკას იზიარებს ბათუმის საკრებულოს იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომლითაც მწვანე კონცხის მნიშვნელოვნად გამწვანებულ სივრცეში 28 სართულიანი სასტუმროს კომპლექსის მშენებლობა ხდება ნებადართული.

საკრებულოს 2018 წლის 28 სექტემბრის დადგენილებით, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუპ“-ის საკუთრებაში არსებულ 20366 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, სასტუმროსა და სხვა ფუნქციური დანიშნულების კომპლექსის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ). მითითებული გადაწყვეტილებით, მწვანე კონცხზე არსებულ მიწის ნაკვეთს გაუუქმდა საკურორტო-სარეკრეაციო ზონის სტატუსი და მიენიჭა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი. ამავე გადაწყვეტილებით, მწვანე კონცხზე განსათავსებული სასტუმროს სართულების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 28 სართულს.

EMC აღნიშნულ საკითხზე საზოგადოება ბათომის სახელით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში აწარმოებს საქმეს და მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება საკრებულომ ქალაქგანვითარების პრინციპებისა და საჯარო ინტერესების უგულებელყოფით მიიღო. საქართველოს სახალხო დამცველი მწვანე კონცხის განაშენიანების საკითხზე ქ. ბათუმის საკრებულოსა და მერიის მიმართ გაცემული რეკომენდაციით იზიარებს EMC-ს პოზიციას და უკანონოდ მიიჩნევს აღნიშნულ დადგენილებას. კერძოდ, რეკომენდაციის თანახმად, ქ. ბათუმის საკრებულოს მიერ მითითებული გადაწყვეტილება მიღებული იყო საკითხის ყოველმხრივი გამოკვლევის გარეშე და ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოქმედ რეგულაციებს, რის გამოც არსებობს აღნიშნული გადაწვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

შესაბამისად, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შესაბამის უწყებებს: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს: ბათილად იქნას ცნობილი მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 სექტემბრის დადგენილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება საქმის არსებითი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, რეკომენდაციაში ასახული და მოქმედი სტანდარტების შესაბამისად. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას: • მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთის თაობაზე მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იხელმძღვანელოს სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნების კანონისმიერი საჯარო ინტერესებისა და რეკომენდაციაში ასახული და მოქმედი სტანდარტების შესაბამისად. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიას: • ორჰუსის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად , მომავალში უზრუნველყოფილ იქნას სარეკრეაციო ტერიტორიასთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე დაინტერესებული საზოგადოების სათანადო და გასაგები ფორმით ინფორმირება და გადაწყვეტილებების მიღების ადრეულ ეტაპზევე მათი ჩართულობა. EMC იმედს გამოთქვამს, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია გაიაზრებენ მწვანე კონცხის რეკრეაციული რესურსის მაქსიმალური შენარჩუნების მიმართ არსებული საჯარო ინტერესის მნიშვნელობას, დროულად გაიზიარებენ სახალხო დამცველის რეკომენდაციას და როგორც მწვანე კონცხის, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიის განაშენიანების საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება მომავალში დაეფუძნება საჯარო დემოკრატიულ დისკუსიებს, ექსპერტულ დასკვნებსა და მდგრადი განვითარების პრინციპებს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …