საინვესტიციო ჯგუფი BGEO ახალი სახელით გააგრძელებს საქმიანობას

თბილისი (BPI) – საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ საქმიანობას ახალი სახელით – „საქართველოს კაპიტალი“ (Georgia Capital) განაგრძობს.

როგორც ჯგუფში განმარტავენ, კომპანიის ახალი სახელი, „საქართველოს კაპიტალი“ უკეთ ასახავს კომპანიის ფოკუსს, რომელიც საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვასა და ქართულ კომპანიებში ინვესტირებას გულისხმობს, მათი შემდგომი განვითარების მიზნით. მას შემდეგ, რაც 2018 წლის პირველ ნახევარში საბოლოოდ დასრულდება საინვესტიციო და საბანკო მიმართულების გამიჯვნა, ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი იქნება ორი დამოუკიდებელი კომპანია: „Georgia Capital PLC“ და „Bank of Georgia Group PLC“.

2018 წლის თებერვლის ბოლომდე „საქართველოს კაპიტალის“ თანამშრომლები, მენეჯმენტის გუნდის ჩათვლით, გადაინაცვლებენ ახალ სათავო ოფისში, მისამართზე: ტატიშვილის ქ. 3/5.

„ბიჯეო ჯგუფი“ (BGEO Group PLC) დიდ ბრიტანეთში არსებული,  საქართველოში დაფუძნებული ჰოლდინგური კომპანია და საინვესტიციო პლატფორმაა, რომელიც საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის ერთ-ერთი უმსხვილესი წყაროა. „ბიჯეო“ უცხოეთიდან მოზიდული კაპიტალის ინვესტირებას, სწორედ საქართველოში არსებულ ქართულ კომპანიებში ახორციელებს, მათი შემდგომი განვითარების მიზნით. ჯგუფის შემადგენლობაში შედის საინვესტიციო ბიზნესი, რომელიც მოიცავს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG რომელიც განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე), m2 უძრავი ქონება, „ჯორჯიან გლობალ იუთილითის“ (GGU) და „თელიანი ველი“.

შეგახსნებეთ, რომ 2017 წლის 3 ივლისს „ბიჯეომ“ განაცხადა საბანკო ბიზნესის და საინვესტიციო ბიზნესის გამიჯვნის შესახებ. აღნიშნული პროცესი 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება და ამ დროიდან „საქართველოს ბანკი“ და საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით განაგრძობენ ფუნქციონირებას, შედეგად ორივე ბიზნეს მიმართულებას, შესაძლებლობა ექნება კიდევ უფრო მეტად განვითარდნენ. ორივე კომპანიის აქციები განთავსებული იქნება ლონდონის საფონდო ბირჟაზე.