საგამოძიებო სამსახურის უფროსი და ბიზნესომბუდსმენი ხე-ტყის ნედლეულის მომპოვებლებსა და რეალიზატორებს შეხვდნენ

თბილისი (BPI) – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ხე-ტყის უკანონოდ მომპოვებელ-რეალიზატორთა გამოვლენისა და მათი საქმიანობის აღკვეთის მიზნით, განხორციელებული მასშტაბური ღონისძიებების ფარგლებში, დღეს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან გამყრელიძემ და ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ, ხე-ტყის ნედლეულის მომპოვებელი და რეალიზატორი საწარმოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე ისაუბრეს თუ რა ღონისძიებები განხორციელდება მომავალში, რათა კანონის ფარგლებში მოექცეს ხე-ტყის მოპოვებისა და რეალიზაციის სფეროში მომუშავე საწარმოების საქმიანობა. ბიზნესმენები დაინტერესდნენ როგორი იქნება საამქროების ფუნქციონირების შემდგომი ბედი. მათი თქმით, კომპანიებს დამკვეთებთან აქვთ ნაკისრი ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც ვერ ხდება.

ბიზნესომბუდსმენმა აღნიშნა, რომ მთავრობის მთავარი პრიორიტეტია ხელი შეუწყოს ბიზნესის საქმიანობას, დაარეგულიროს და კანონის ფარგლებში მოაქციოს ხე-ტყის ნედლეულის მოპოვებისა და რეალიზაციის სფერო, რათა ამ მიმართულებით ქვეყანაში არაკონტროლირებადი ბაზარი არ არსებობდეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ქვედანაყოფი ატარებს სახერხი საამქროების ინვენტარიზაციას. ბიზნესის ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, ხვალიდან, ეტაპობრივად, გაიხსნება ყველა ის რეგისტრირებული სახერხი საამქრო, რომელშიც ინვენტარიზაციის პროცესი დასრულებულია.

ლევან გამყრელიძის თქმით, დაუშვებელია ხე-ტყის მასობრივი უკანონო ჭრები, ასევე არ შეიძლება ლიცენზირებული და გადასახადების გადამხდელი კომპანიები არათანაბარ პირობებში იყვნენ უკანონოდ მოქმედ საწარმოებთან, რომლებიც უკანონო ჭრებს ახორციელებენ და არ იხდიან გადასახადებს. კანონის ფარგლებში მოქმედი საწარმოს საქმიანობა არ შეფერხდება. კანონის წინაშე პასუხისმგელობა დაეკისრება ყველა იმ პირს, ვინც ხე-ტყის უკანონო ჭრებს ახორციელებს ან ხელს აფარებს დანაშაულს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონოდ მომპოვებელთა, ასევე გაყალბებული საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა – მხილების მიზნით. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ამა წლის 26 ივლისიდან ერთდროულად განხორციელდა იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა – ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოხდა ხე-მასალის გადამამუშავებელი და რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის კანონიერების შემოწმება. გამოვლინდა რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი საამქროები. საერთო ჯამში, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ხე-ტყის გადამამუშავებელ 700-ზე მეტ საწარმოში. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 192-ე, 287-ე პრიმა და 303-ე მუხლებით.

შემთხვევითი სიახლე

ცედანის ტყე ხანძრის შემდეგ (ვიდეო)

თბილისი (BPI) – ხაშურში, სოფელ ცედანში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, …