საგადასახადო კანონმდებლობის რეიტინგში საქართველო 190 ქვეყანას შორის 22-ე ადგილზეა

თბილისი (BPI) –  მსოფლიო ბანკისა და ფრაისუოთერჰაუსკუპერსის (PwC) Paying Taxes 2018-ის რეიტინგში საქართველო 190 ქვეყანას შორის 22-ე ადგილზეა.

Paying Taxes 2018 წარმოადგენს მსოფლიო ბანკის “Doing Business 2018”-ის კვლევის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს, რომელშიც საქართველო მე -9 ადგილზეა. Paying Taxes აფასებს, თუ როგორ ურთიერთქმედებს საშუალო ბიზნესის მქონე ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია საგადასახადო სისტემებთან 190 ქვეყნის ეკონომიკაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იგი აფასებს არა მხოლოდ გადახდილი გადასახადის თანხის ოდენობას, არამედ იმას, თუ რამდენი ხანი სჭირდება კომპანიას საგადასახადო ვალდებულებების შესასრულებლად. ეს მოიცავს იმ დროს, რაც საჭიროა ძირითადი გადასახადების დეკლარაციების მოსამზადებლად, საგადასახადო სტრუქტურაში წარსადგენად და გადასახადის გადასახდელად.

წელს, ისევე როგორც შარშან, საქართველოს 22-ე ადგილი უკავია.

მნიშვნელოვანია, ის ფაქტი რომ წლევანდელი ანგარიში არ ითვალისწინებს “ესტონური მოდელის საგადასახადო რეფორმას“. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული რეფორმა, რომლის შედეგების ასახვაც მოხდება Paying Taxes 2019 წლის ანგარიშში, შეამცირებს კომპანიებისთვის საგადასახადო ვალდებულებების შესასრულებელ დროს.

საშუალოდ, გლობალურად, კვლევაში მონაწილე კომპანიას საგადასახადო ვალდებულებების შესასრულებლად ესაჭიროება 240 საათი, ის ახორციელებს 24 გადახდას, ხოლო გადასახადების წილი მთლიან შემოსავალში (TTCR) შეადგენს 40.5%. Paying Taxes 2018-ის მონაცემების მიხედვით, კვლევაში მონაწილე კომპანიას საქართველოში ესაჭიროება 269 საათი საგადასახადო ვალდებულებების შესასრულებლად (ერთი საათით ნაკლები გასულ წელთან შედარებით). აღნიშნული კომპანია ახორციელებს 5 გადახდას (იგივე რაც გასულ წელს), ხოლო გადასახადის წილი მთლიან შემოსავალში შეადგენს 16.4% (იგივე რაც გასულ წელს). კვლევაში მონაწილე კომპანიას, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები) და ცენტრალური აზიის ქვეყნებში საგადასახადო ვალდებულებების შესასრულებლად საშუალოდ ესაჭიროება 230 საათი, რაც საქართველოზე ნაკლებია. თუმცა, რეგიონის საშუალო გადასახადის წილი მთლიან შემოსავალში (TTCR) მეტია საქართველოს მაჩვენებლებზე და შეადგენს 33.4%-ს. ამასთან ერთად რეგიონალური საშუალო გადახდების რაოდენობაც აღემატება საქართველოს საშუალო გადახდების რაოდენობას და საშუალოდ 16 ერთეულის ტოლია. დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) და მოგების გადასახადის დეკლარირების შემდგომი პროცესები, რომლებიც მეორე წელია უკვე შეისწავლება, შეიძლება ჩაითვალოს ბიზნესის ერთერთ ყველაზე რთულ და გრძელვადიან პროცესად.

საქართველო კონკრეტულ კატეგორიაში 100დან 85.9 ქულას აგროვებს, რაც თავის მხრივ ძალიან კარგი შედეგია. ამის გათვალისწინებით საქართველო, აღმოსავლეთ ევროპის & ცენტრალური აზიის რეგიონში მე-4 ადგილს იკავებს, სადაც საშუალო ქულა 62-ს შეადგენს. ხოლო, გლობალური ქულა 59.5 ფარგლებში მერყეობს. გლობალური ტრენდი – გლობალურად ტექნოლოგიების არსებობამ ბიზნესს შეუმსუბუქა საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ტვირთი. გლობალურად, ბიზნესისა და მთავრობის მიერ ტექნოლოგიების გამოყენება საგადასახადო ადმინისტრირებისთვის ამარტივებს და ამცირებს ბიზნესის საგადასახო ვალდებულების შესრულების ტვირთს. მსოფლიო ბანკის და PwC-ის კვლევის შედეგად, გადასახადების ადმინისტრირების დრო შემცირდა 5 საათით, 240 საათამდე, ხოლო გადასახადის რაოდენობა შემცირდა 1 ერთეულით, 24 გადახდამდე.

ბოლო კვლევის მიხედვით, მთლიანი შემოსავლის გადასახადების წილის (TTCR) გლობალური საშუალო მაჩვენებელი ოდნავ გაიზარდა (Paying Taxes 2018: 40.5% ; 2017: 40.4%). უმეტეს ქვეყანში გაზრდილია TTCR-ის მაჩვენებელი, 52 – 36-თან შედარებით (არანაირი ცვლილება საქართველოსთან მიმართებაში).

2004 წლიდან მოყოლებული პირველად TTCR-ის მაჩვენებელი კონკრეტულ გადასახადებთან მიმართებაში გაიზარდა (გარდა საშემოსავლო და მოგების გადასახადისა). აღნიშნულ შემთხვევაში, გადასახადებში იგულისხმება: ქონების გადასახადი, საგზაო გადასახადი, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მოსაკრებელი, მუნიციპალური გადასახადი, ქონების მიწოდებისას წარმოშობილი გადასახადი და სხვა მცირე გადასახადები. საგადასახო ვალდებულებების შესრულების დრო, ისევე როგორც გადასახადების გადახდის რაოდენობა მცირდება ტექნოლოგიების გამოყენების ზრდასთან ერთად. შედეგად, საშემოსავლო და მოგების გადასახადთან მიმართებაში საგადასახადო ადმინისტრირებისთვის საჭირო დრო შემცირდა 2 საათით (მოგების გადასახადის ნაწილში 61 საათამდე და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 87 საათამდე) წინა წელთან შედარებით. ასევე აღსანიშნავი რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განხორციელდა ყველაზე დიდი ცვლილებები მისი შესწავლის მთლიანი პროცესის განმავლობაში (დაწყებული Doing Business 2006 წლიდან). აღნიშნულის გამსაზღვრელი ფაქტორებია გადასახადების ელექტრონული დეკლარირების და გადახდების სისტემა, საგადასახადო და საბუღალტრო პროგრამული უზრუნველყოფა და მათში ინტეგრირებული დეკლარაციები.

გადასახადების გადახდის რაოდენობა, საშუალოდ ერთი გადახდით შემცირდა უკვე ზედიზედ მეორე წელია, რაც განპირობებულია ელექტრონული დეკლარირებისა და გადახდის შესაძლებლობების ზრდით, ახალი ვებ პორტალების არსებობით და ასევე გადასახადის გადამხდელთა მიერ „ონლაინ“ სისტემების უფრო ხშირი გამოყენებით. გლობალური საშუალო შედეგების ცვლილებების მიუხედავად, მრავალი ქვეყნის ეკონომიკა, განსაკუთრებით დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები, უფრო ნელი აღმოჩნდა ტექნოლოგიების ათვისების პროცესებში. კვლევა ასევე მიგვითითებს რეალურ ან რეალობასთან ახლოს მყოფ საინფორმაციო სისტემის გამოყენების ზრდაზე, რომელიც გამოიყენება საგადასახადო ორგანოების მიერ ოპერაციების კონტროლის მიზნით, მაგ. რუსეთში, კორეის რესპუბლიკაში და ჩინეთში. დროულად მოპოვებული რეალური მონაცემები საშუალებას აძლევს საგადასახადო ორგანოებს რეალურ დროში უფრო დაწვრილებით გამოიკვლიონ გადასახადის გადამხდელის ოპერაციები, ვიდრე დაეყრდნონ ყოველწლიური დეკლარაციების საგადასახადო შემოწმებებს. ახალი სისტემების შემოღებამ, თუკი პირველად ხდება მათი დანერგვა, შეიძლება გაზარდოს გადასახადი ადმინისტრირების დრო, თუმცა მათ აქვთ შესაძლებლობა შეამცირონ აუდიტის ჩატარების სიხშირე ან დააჩქარონ ზედმეტად გადახდილი დღგ-ს გადასახადის დაბრუნების პროცესი.