საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარე ქვეყანაში ინვესტიციების მოძიებაზე ინტენსიურად იზრუნებს

თბილისი (BPI) – საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრი კომპანიების სამომავლო საინვესტიციო პორტფელი 600 მლნ დოლარს აღწევს. ასოციაციაში განმარტავენ, რომ სახელმწიფოსა და ბიზნესის მჭიდრო თანამშრომლობით ქვეყანაში უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვაა შესაძლებელი.

რამდენიმე დღის წინ ა.(ა).ი.პ. „საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის“ მმართველთა საბჭოს სხდომაზე ასოციაციის თავმჯდომარე, მმართველთა საბჭო და სამეთვალყურეო საბჭო აირჩიეს. ფარული კენჭისყრის შედეგად 3 წლის ვადით ასოციაციის თავმჯდომარედ ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე აირჩიეს, რომელიც ასოციაციაში 2011 წლიდან დღემდე გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებდა.

წარმოშობით ქართველი ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე თურქეთის ქალაქ ორდუშია დაბადებული. ის 2004-2007 წლებში ქალაქ ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოში, 2008-2010 წლებში კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში მუშაობდა, არის საერთაშორისო საგამოფენო კომპანია Geonet Expo-ს მფლობელი.

ის ასევე არის საქართველოში წამყვანი, გლობალური საკონსულტაციო სააგენტოს მფლობელი და ასევე SanPark Georgia-ს დისტრიბუტორი საქართველოში.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია ინვესტორთა ერთ-ერთი უმსხვილესი გაერთიანებაა საქართველოში. ასოციაციაში დღეისათვის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 14 კომპანიაა გაწევრიანებული, საქმიანობის სფეროებს შორისაა საფეიქრო მრეწველობა, მშენებლობა და სამშენებლო მასალები, საბანკო, დაზღვევა, სასტუმროები და სხვა.

დღემდე ასოციაციის წევრ კომპანიებს 850 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვთ განხორციელებული და დასაქმებული ჰყავთ 16 600 ადამიანი.

საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მთავარი მიზანია საქართველოში ბიზნესის გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, საქართველოს, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყნის უკეთ წარმოჩენა საერთაშორისო ასპარეზზე, ასოციაციის წევრი კომპანიების ლობირება ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებაში, წევრი კომპანიების პრობლემატური საკითხების შესწავლა-ანალიზი და მათი წარმოდგენა შესაბამის ორგანოებში, წევრი კომპანიების PR საქართველოში და საზღვარგარეთ, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია არის შუამავალი მთავრობასა და ბიზნეს შორის.

შემთხვევითი სიახლე

Myway Airlines-ს ევროკავშირის ბაზარი ჩაეკეტა, შესაძლოა ისრაელისკენაც რეგულარული რეისები შეეზღუდოს

თბილისი (BPI) – ქართულ ავიაკომპანია Myway Airlines-ს ევროკავშირის ბაზარი ჩაეკეტა, თუმცა სამომავლოდ ავიაკომპანია შესაძლოა თამაშგარე მდგომარეობაშიც აღმოჩნდეს …