რუსული ხორბალი გაძვირდა – გაძვირდება თუ არა პური საქართველოში

თბილისი (BPI) – რუსული ხორბალი გაძვირდა, საქართველოში ხორბლის 90% კი რუსეთიდან შემოდის. დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ფასების მატება რუსული რუბლის გაუფასურების შედეგია. პარალელურად საფასო პოლიტიკა იცვლება ხორბლის მწარმოებელ დანარჩენ ქვეყნებშიც (აშშ. არგენტინა და ა.შ.).

FAO-ს (მსოფლიო სასურსათო ორგანიზაცია) მიმდინარე საფასო ტენდენცია აჩვენებს, რომ მარცვლეულის ფასების თვიურმა ინდექსმა აპრილში 1.7%-ით მოიმატა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს ზუსტად 15.4%-ით აღემატება.

Caucasus business week-ი დაინტერესდა, რა ხდება ადგილობრივ ბაზარზე, გაიზრდება თუ არა ხორბლისა და ფქვილის ფასი და შედეგად გაძვირდება თუ არა პური ?

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა პურის გაძვირებას  უახლოეს თვეებში არ ელოდება, მაგრამ მიმდინარე ეკონომიკური მოვლენების ფონზე სამომავლოდ აღნიშნულის დაზუსტებით თქმა უჭირს.

რაც შეეხება მომავალი ორი თვის პროგნოზებს, ლევან სილაგავას თქმით, შესაძლოა გაიზარდოს ხორბლისა და ფქვილის ფასები, თუმცა პურის მცხობელები დარჩენილი მარჟების შედეგად პროდუქტს  არ გააძვირებენ.

„აქ ორი ფაქტორია. დადებითი არის ის, რომ შარშან რუსეთში მოსავალი იყო რეკორდული, ამიტომ დიდია გარდამავლი მარაგების რაოდენობა. ამას ემატება წლევანდელი მოსავალიც, რაც მოსალოდნელია რომ  სტაბილური იქნება.  დადებითია ასევე ხორბლის ფასიც. კერძოდ, პურის ფქვილისთვის გამოსაყენებლი ხორბლის ფასი 34-35 ლარს შეადგენს, კრიტიკულ ფასად კი მეპურეებთან მიჩნეულია დაახლოებით 42-43 ლარი. დისტანცია საკმაოდ დიდია. ვალუტის რყევები უნდა იყოს კატასტროფული მაქსიმუმ ნიშნულამდე , რომ შესაბამსად პურის გაძვირებამდე მივიდეთ. უარყოფითი ფაქტორიც სწორედ ესაა – დოლარის რუბლთან და დოლარის ლართან მიმართებაში კომბინაცია. მაგრამ დადებითი ფაქტორი რადგან უფრო მეტია, ვფიქრობ, პურის გაძვირება უახლოეს თვეებში მაინც არ მოხდება“,- განმარტავს სილაგავა.

ლევან სილაგავს პოზიცია არ იზიარებსპურპროდუქტების ასოციაციისხელმძღვანელიმალხაზ დოლიძე. მისი თქმით, საერთაშორისო ბაზარზე არსებული ვითარება ბუნებრივად აისახება დგილობრივ ბაზარზეც.  შესაბამისად გაძვირდება ხორბალიც, ფქვილიც და ეს ტენდენცია პირდაპირ აისახება პურის თვითღირბეულებაზე.

„არ ვაპირებ ოფიციალურად განვაცხადო, რომ პური გაძვირდება, დასკვნები თავად გააკეთეთ. უბრალოდ ფაქტია, ძვირდება ხორბალი და ზოგადად მარცვლეული, რაც ფქვილს თავისთავად გააძვირებს, ეს ყველაფერი კი ბუნებრივად  აისახება პურის თვითღირებულებაზე. რაც შეეხება პურის მცხობელების მარჟებს, რომ თითქოს მათ დიდი რეზერვი აქვთ, ეს ასე აღარ არის. დაწყებული საგადასახადოებიდან, მათ შორის ფიტო სანიტარული გადასახადიც,  ყველა გვწურავს და რა მარჟები უნდა გქვონდეს,“- განმარტავს დოლიძე.

პროგნოზების გაკეთება რომ რთული არაა, ამ მოსაზრებას იზიარებს, კომპანიამარგის“  ხელმძღვანელი ნუგზარ ღონიაშვილიც. მეტიც, მისი  თქმით, მარცვეულის ფასების ზრდა ადგილობრივ ბაზარზე უკვე დაწყებულია და სამომავლოდ უფრო გაიზრდება.

„ძნელი არ არის ამ ყველაფრის პროგნოზირება.  როცა მარცვეულის ფასები არის გაზრდილი საერთაშორისო ბაზარზე , რა თქმა უნდა, აქაც დაწყებულია და უფრო გაიზრდება კიდეც. პურის საკითხზე კონკრეტული პასუხის გაცემა მიჭირს, რადგან სოციალური პროდუქტია და რთულია ცალსახად რომელიმე პოზიცია დავიკავო. რაც შეეხება ხორბალსა და  ფქვილს, შესაძლოა ახლა წისქვილებს გარკვეული მარაგები ჰქონდეთ, მაგრამ საბოლოოდ ის ამოიწურება და მაინც ახალი ფასით მოუწევთ პროდუქტის შესყიდვა. ჯამში, კიდევ უფრო მეტად გაძვირდება ხორბალიც და ფქვილიც“,- განმარტავს ღონიაშვილი.

რაც შეეხება კომპანია იფქლის დირექტორის არისი ბოჭოიძის პოზიციას, მისი თქმით,კომპანია „იფქლი“ ხორბლის თეთრი პურის წარმოებისათვის საჭირო ნედლეულს ქართული წისქვილ-კომბინატებისაგან იძენს.

„დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენთვის საჭირო ფქვილზე ფასი ტომარაზე ერთი ლარით არის გაზრდილი. რადგან ჩვენ არ ვართ ხორბლის ფქვილის უშუალო იმპორტიორები ქართულ ბაზარზე, რთულია ვისაუბროთ მომავალში კვლავ გაგრძელდება თუ არა ფასის ზრდის პოლიტიკა, თუმცა, ხორბლის ფასის ზრდა საერთაშორისო ბაზარზე, როგორც წესი, აისახება ხოლმე საქართველოში იმპორტირებული ხორბლის და შესაბამისად ფქვილის ფასზე.

პურის საბოლოო ფასი ძირითადად დამოკიდებულია ნედლეულსა და ენერგომატარებლებზე. თუ ნედლეულის ფასი მნიშვნელოვნად შეიცვლება ბაზარზე, ეს რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს პურის გასაყიდ ფასზე. დღევანდელი მდგომარეობით, ფქვილზე ფასის ცვლილება არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ „იფქლში“ პურის ფასების გადახედვა დღის წესრიგში დადგეს. თუკი ფასის ზრდის ტენდენცია გაგრძელდა და სისტემური სახე მიიღო, მაშინ პურის მწარმოებელ კომპანიებს მოგვიწევს გადავხედოთ პურის ფასს. მცირე ცვლილებები პროდუქტზე არ აისახება, რადგან წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს საშუალება დავადგინოთ პროდუქტზე შეწონილი ფასი და მზად ვიყოთ ინგრედიენტების ფასის უმნიშვნელო ცვლილებებისთვის. ამასთან ერთად, ყოველთვის ვცდილობთ, რომ პროდუქტზე უცვლელად შევინარჩუნოთ ფასები, სანამ ამის საშუალებას გვაძლევს გარემოებები“-აცხადებს  არისი ბოჭოიძე .

შპსმხნეობისდირექტორ, გიორგი სიფრაშვილ აცხადებს, რომ ის სრულად ადგილობრივი წარმოების ხორბალს და ფქვილს მოიხმარს და იმპორტულ  პროდუქციაზე დამოკიდებული არ არის. შესაბამისად, როგორც სიფრაშვილი აცხადებს, უახლოეს მომავალში პურზე ფასის დაკორექტირება მოსალოდნელი არ არის.

CBW