რომან კაკულია დემპინგურ ფასებზე: საფრთხე მართლაც არსებობს და საკითხს დეტალურად შევისწავლი

თბილისი (BPI) – ტრამპის ახალი ბრძანება 25-%იანი ტარიფის შესახებ და ანტიდემპინგური კანონის არარსებობა ქვეყანაში, საფრთხის წინაშე აყენებს მთლიანად ქართულ ინდუსტრიას.

პრობლემები დაიწყო იმით, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კონკურენციისგან ქვეყნის მწარმოებლების დაცვის მიზნით, ფოლადის პროდუქციის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა. ეს ტარიფი საქართველოს მწარმოებლებზე ნეგატიურად მოქმედებს არაერთი მიმართულებით და საფრთხის ქვეშ აყენებს ინდუსტრიაში დასაქმებულ 10 000- მდე ადამიანის სამუშაო ადგილს.
კერძოდ, ტრამპის ტარიფმა ფოლადის საერთაშორისო ბაზარზე ჯაჭვური რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს, რასაც აუცილებლად მოჰყვება ბაზარზე იაფი პროდუქციის სიჭარბე. ამის საშიშროება, განსაკუთრებით, ხმელთაშუა და შავი ზღის რეგიონშია. რუსეთისა და თურქეთის 5 მილიონ ტონაზე მეტმა ფოლადის ექსპორტმა ახლა ახალი გასაღების ბაზრები უნდა იპოვოს.
ერთ-ერთი „მარტივი მსხვერპლი“ საქართველოა, რომელსაც ანტიდემპინგური კანონმდებლობაც კი არ გააჩნია დაცვის ზომების გასატარებლად. ამიტომ მოსალოდნელია, ქართველ მწარმოებლებს დემპინგურ ფასებთან მოუხდეთ კონკურენცია.
სხვა ქვეყნები უკვე განიხილავენ იმპორტის შეზღუდვის სხვადასხვა ზომებს – სულ ახლახანს თურქეთმა თავის სავაჭრო პარტნიორებს შეატყობინა შესაძლო შეზღუდვის შესახებ.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორის მოადგილე არჩილ მელიქაძე აცხადებს, რომ დემპინგური ფასების წინააღმდეგ ბრძოლის არანაირი საკანონმდებლო ბერკეტი არ არსებობს. ანტიდემპინგური კანონპროეტი უკვე სამი წელია პარლამენტშია შეტანილი, მაგრამ მისთვის არავის სცალია.

რამდენად ნეგატიურად იმოქმედებს დონალდ ტრამპის ახალი ბრძანება ქართულ ინდუსტრიაზე ზოგადად და რა ზომების მიღებას გეგმავს ხელისუფლება?

რომან კაკულია (დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე): გასვლითი კომიტეტის სხდომაზე, რომელიც მეტალურგიულ ქარხანაში ჩატარდა, ხელმძღვანელობამ დააყენა ეს საკითხი, რომ სხვადასხვა ცვლილებების გამო ჩვენს რეგიონში შესაძლებელია მოხდეს იმ პროდუქციის მოჭარბებული რაოდენობის გაჩენა, რომელსაც ისინი აწარმოებენ. და მართლაც არსებობს ეს საფრთხე. როგორც ვიცი, კონსულტაციები მიმდინარეობს რომ გარკვეული სატარიფო მხარდაჭერა გაუწიოს მთავრობამ ამ პროცესს, რათა არ მოხდეს ზემოქმედება წარმოების პროცესზე. ჩვენ შევთანხმდით რომ ამ თემას უფრო სიღრმისეულად განვიხილავთ პარლამენტში, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად.

არსებობს რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, საკანონმდებლო ჩარევის მექანიზმები, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებიდან გამომდინარე, ბაზრის ზოგად წესებს არ დაარღვევს, მაგრამ სწორედ ამ საბაზრო პირობების გათვალისწინებით მხარდაჭერის საშუალებასაც იძლევა. ჩვენ შევისწავლით ამ საკითხს დეტალურად და შესაბამის რეაგირებასაც გავაკეთებთ.

რა გამოსავალი არსებობს შექმნილი სიტუაციიდან და როგორი უნდა იყოს ხელისუფლების როლი?

როგორც დარგის ექსპერტები აცხადებენ, შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია, უახლოეს მომავალში მოხდეს ანტიდემპინგური კანონის მიღება, რაც დაიცავს მთლიანად ინდუსტრიას დემპინგური ფასებისგან.

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ხელისუფლებას მოუწოდებს სასწრაფოდ მიიღოს შესაბამისი ზომები და ბაზრის დროებითი დაცვისთვის, აამოქმედოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული მექანიზმები.

შემთხვევითი სიახლე

PSP-ში დიაბეტის სამკურნალო საშუალებები გაიაფდა

თბილისი (BPI) – 13 აგვისტოდან PSP-ში მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები გაიაფდა. ინიციატივა, რომელიც ჯანდაცვის …