რეფორმა ჩაშლის პირას – ავტომობილების ტექინსპექტირების პროცესში NGO კერძო ინტერესებს ხედავს

თბილისი (BPI) – ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების სფეროში არსებულ გამოწვევას ეკონომიკის სამინისტრომ ვერ უპასუხა, – დაახლოებით ასეთია საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ბრალდება.

ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ სამინისტრო საფრთხის ქვეშ აყენებს რეფორმის არსს – გაუმჯობესდეს ეკოლოგიური მდგომარეობა და უსაფრთხო გახდეს სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება.

ასოციაციის წევრებმა ვერც ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიასა და პრემიერ-მინისტრ, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაზე მიიღეს თანხმობა.

NGO ეკონომიკის სამინისტროს უკანონო ქმედებასა და საეჭვო კერძო ინტერესებზე საუბრობს.

“ეკონომიკის სამინისტრომ საფრთხის წინაშე დააყენა რეფორმა, როდესაც ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების სფეროში შემოიყვანა „საქართველოს ბანკის“ და „ალდაგის“ შვილობილი „პრემიუმ რეზიდენსი“, მოგვიანებით „გრინვეი საქართველოდ“ წოდებული კომპანია, რომელსაც აღნიშნულ სფეროში არამხოლოდ თეორიული და ტექნიკური ცოდნა არ გააჩნია, არ აქვს შესაბამისი სერვის ცენტრები, მეტიც, მათი მშენებლობის თანხმობაც კი არ გააჩნიათ. არ ჰყავს მომსახურე პერსონალი, მათი შერჩევაც ახლახან დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ „გრინვეი საქართველო” თავს ასაღებს უცხოური კომპანია Applus+-ის პარტნიორად, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების სფეროში არანაირი საერთაშორისო გამოცდილება არ გააჩნია, თუმცა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული შერჩევის წესი სწორედ ამ გამოცდილებას მოითხოვდა, რის გამოც ჩვენი ასოციაციის ვერცერთმა წევრმა შერჩევაში მონაწილეობა ვერ მიიღო, „გრინვეი საქართველოს“ კი, რატომღაც სიტყვაზე ენდნენ.

„გრინვეი საქართველო“ მხოლოდ ფურცელზეა უცხოური კომპანია „Applus+“-ის პარტნიორი, არ არსებობს მათი ერთობლივი მუშაობის არანაირი პროდუქტი ან შედეგი, არც კომპანია „Applus+“ ოპერირებს 70-მდე ქვეყანაში, როგორც ამის შესახებ „გრინვეი საქართველო“ აცხადებს.

ამ და სხვა, უამრავი მიზეზის გათვალისწინებით, შეუძლებელია ლოგიკურად, რეფორმის ხელშეწყობის მიზნით შერჩეულად ჩაითვალოს „გრინვეი საქართველო“, რომელსაც რატომღაც მუშაობის ათწლიანი უფლება მიეცა, ასოციაციაში შემავალ, 20 წლიანი გამოცდილების მქონე, ტექნიკურად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ კომპანიებს კი მხოლოდ ოთხი წლით განუსაზღვრეს მუშაობის უფლება. გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ოთხი წლის შემდეგ მათ საერთოდ უარი ეთქვათ აღნიშნულ სფეროში მუშაობაზე და მათგან გამოთავისუფლებული ხაზები ჩაანაცვლოს სახელმწიფოს მფარველობაში ღიად მყოფმა „გრინვეი საქართველომ“. ასოციაციის წევრ კომპანიებს უკვე ხელოვნურად არ ეძლევათ ახალი ხაზების განვითარების შესაძლებლობა, რასაც ადასტურებს 20 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სამსახურის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკონომიკის სამინისტრომ ასოციაციასთან სასამართლოში პირველი საქმე წააგო. სრულად დაკმაყოფილდა შპს “სასწავლო და საგამოცდო ცენტრი-პტი”-ს სარჩელი და ეკონომიკის სამინისტროს ამ კომპანიასთან ავტომობილების ინსპექტირების ცენტრის მოწყობისა და აღჭურვის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმება დაევალა.

შპს “სასწავლო და საგამოცდო ცენტრი-პტი” ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ შერჩევაში მონაწილეობდა და თბილისში ინსპექტირების 7 ხაზით აღჭურვილი ცენტრის მოწყობას გეგმავს, რის შემდეგაც ასოციაციაში შემავალი კომპანიების საკუთრებაში იქნება 96 ხაზი. საქართველოში რეგისტრირებული მილიონი ავტომობილის ტექნიკური დათვალიერებისთვის კი 100 ხაზი კმარა.

ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადასტურა, რომ ავტომობილების ინსპექტირების რეფორმის პროცესში ეკონომიკის სამინისტრო კანონშეუსაბამოდ მოქმედებდა.

არსებული სიტუაცია გვაიძულებს, ვიქონიოთ არგუმენტირებული ეჭვი, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ფაქტობრივად საეჭვო ინტერესების სანაცვლოდ სასწორზე დააყენა რეფორმა. ვიმედოვნებთ, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, უმოკლეს დროში შეიცვლება მიმდინარე რეფორმის პროცესში მიღებული სისტემური ხასიათის სადავო გადაწყვეტილებები, რათა ჩრდილი არ მიადგეს, ან არ შეაფერხდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის პროცესი და სრულად გაქრეს ბიზნესის ამ სფეროს არაეთიკური ქმედებებით მონოპოლიზებისა და კონკურენციის არსებითად შეზღუდვის მოლოდინი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი პროტესტი არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოში”, – განმარტავენ ასოციაციაში.

შემთხვევითი სიახლე

“თიბისის” 10X10 საახალწლო საჩუქრებს იგებს

თბილისი (BPI) – “თიბისი ბანკმა”  „ერთგული“  ბარათის მომხმარებლებისთვის აქცია – „10=10=10“ დაიწყო. ვინც 7 .11- …