რაში ხარჯავენ ტურისტები ფულს საქართველოში – ტურისტი საქართველოში საშუალოდ 4,3 ღამე რჩება და 888 ლარს ხარჯავს

თბილისი (BPI) – 2017 წელს საქართველოში 7.9 მილიონი საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურის შემოვიდა, – ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. რიცხვი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით 17.7 პროცენტით მეტია. შემოსვლების უდიდესი ნაწილი – 44.7%, 31-50 წლის ასაკის  მოგზაურია. 7.9 მილიონი საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 6.5 მილიონი შეადგინა, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20.2 პროცენტით არის გაზრდილი.

საქსტატის ინფრომაციით, 2017 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.1 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.8 პროცენტით არის გაზრდილი, წინა წელს ეს რიცხვი 4,2 მილიონი იყო. საერთაშორისო ვიზიტორების 63.8 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების (ვიზიტორი, რომელიც ღამეს არ ათენებს საქართველოს ტერიტორიაზე) წილმა კი 30.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.8 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

საქსტატის ინფრომაციით, 2017 წელს ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში – 3.1 მილიონი და 1.9 მილიონი ვიზიტი. პროეცენტული რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა : თბილისი 33%, აჭარა 20%, ქვემო ქართლი 13% , მცხეთა- მთიანეთი 12%, სამცხე-ჯავახეთი 8%, კახეთი 5%, იმერეთი 4%, სხვა რეგიონები 5%.

2017 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.3 ღამე შეადგინა, რაც 2016 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელს (3.8 ღამე) 13 პროცენტით აღემატება. განხორციელებული ვიზიტების 75 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს 2017 წელს საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას კმაყოფილების დონის მიხედვით.

რაც შეეხება ტურისტების ხარჯების სტრუქტურას, საქსტატის ცნობით, საქართველოში ვიზიტებისას მოგზაურთა მთლიანი ხარჯი 2017 წელს 5,761 მილიარდი ლარი იყო, რაც 2016 წელთან შედარებით 31.6%-ით მეტია. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 888.7 ლარია (306 ევრო).

ვიზიტორები ყველაზე მეტ ფულს საქართველოში კვებასა და სასმელზე ხარჯავენ. ამ მიმართულებით, 2017 წელს მათ 1,476 მილიარდი ლარი დახარჯეს. მეორე ადგილზეა განთავსება (სასტუმრო, ცხოვრება) 1,326 მილიარდი ლარით, მესამე ადგილზე კი გართობა. საყიდლებზე გაწეული ხარჯი – 789,7 მლნ ლარია; ადგილობრივ ტრანსპორტზე – 483,4 მლნ ლარი, ხანგრძლივ მოხმარების საგნებზე – 382,7 მლნ ლარი, ძვირფას ნივთებზე 40,5 მლნ ლარი; ყველა სხვა ხარჯი – 195,8 მლნ ლარია.

ტურიზმიდან მზარდ შემოსავლებზე აკეთებს აქცენტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძეც. მისი თქმით, აპრილში ტურისტების რაოდენობა 24.9%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 16.8%-ით გაიზარდა.

„2016 წელს ჩვენ პირველად აღვნიშნეთ ის წელიწადი, როდესაც 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან, 2017 წელს 2 750 000 000 აშშ დოლარი იყო, 2018 წელს გვექნება პირველი წელი, როდესაც საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები გადააჭარბებს 3 მილიარდ ამერიკულ დოლარს”, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

2022 წლისთვის საქართველომ შესაძლოა, 7.6 მლნ ტურისტს უმასპინძლოს, რაც საქართველოს მოსახლეობაზე ორჯერ მეტია, – ამის შესახებ უკვე ტურიზმის სექტორის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც „გალთ & თაგარტმა“ მოამზადა.

ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია და უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

კვლევაში საუბარია ტურიზმის სტატისტიკაზე, რომლის მიხედვითაც 2017 წელს საქართველოს 3.5 მლნ ტურისტი ეწვია და ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. კვლევა მომავსალი წლების პროგნოზებსაც მოიცავს, რომლის თანახმად, წელს საქართველოს შესაძლოა, 4.2 მლნ ტურისტი ეწვიოს.

უკვე ათ წელზე მეტია რაც ტურიზმი საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცა. ასე მაგალითად, გასულ წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა (2,75 მლრდ. დოლარი) გადააჭარბა, როგორც ფულადი გზავნილების (1,37 მლრდ. დოლარი) ისე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელს (1,861 მლრდ. დოლარი). ამასთან, აღსანიშნავია რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ბოლო 10 წელია ყოველწლიურად იზრდება. ხელისუფლებას მეტი ყურადღება გამოჩენა მართებს იმისათვის, რომ ტურიზმიდან ქვეყანამ კიდევ გაზარდოს შემოსავლები. ერთი ტურისტის მიერ საქართველოში დახარჯული საშუალოდ 306 ევრო დაბალი მაჩვენებელია.

 

მერაბ ჯანიაშვილი

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

“კრისტალი” ბიზნესმენებს ამზადებს

თბილისი (BPI)-*როგორ ვაქციოთ ბიზნეს იდეა ბიზნეს მოდელად; *როგორ დავწეროთ პროექტი; *როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელის ტილო; მ/ო”კრისტალის”  მეწარმეთა სკოლა  16-28 …