რა უნდა იცოდნენ მეწარმეებმა სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” შესახებ

თბილისი (BPI) – სახელმწიფო პროგრამა `აწარმოე საქართველოში~ პრემირ–მინისტრის ინიციატივაა და მიზნად ისახავს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. თუ რა უნდა იცოდნენ პოტენციურმა ბენეფიციარებმა აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით, გვესაუბრება მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ოთარ ანთია:

– რა არის პროგრამის `აწარმოე საქართველოში~ უმთავრესი მიზანი და რა მიმართულებებია პრიორიტეტული?

– სხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად, სსიპ `მეწარმეობის განვითარების სააგენტო~ არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სამთავრობო პროგრამის `აწარმოე საქართველოში~ განმახორციელებელი პარტნიორი. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას და მას აქვს რამდენიმე მიმართულება, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, ისე მიკრო ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით. პროგრამის ძირითად ამოცანას წარმოადგენს, უზრუნველყოს მცირე და საშუალო ბიზნესის წვდომა დაფინანსებაზე სხვადასხვა მექანიზმების მეშვეობით (საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება, გირაოში თანამონაწილეობა, ლიზინგის კრედიტის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება და ა.შ); ასევე, პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი კომპანიებისთვის ცოდნის და საკონსულტაციო მომსახურების მიწოდებას, რაც ხელს უწყობს წარმოების პროცესის, ოპერაციების მენეჯმენტისა და ბიზნესციკლის გაუმჯობესებას.

სახელმწიფო პროგრამა `აწარმოე საქართველოში~ ინდუსტრიული ნაწილის ბიუჯეტი განისაზღვრა 16 მილიონი ლარით, ამავე პროგრამის სოფლის მეურნეობის ნაწილზე კი, რომელსაც კომპეტენციებიდან გამომდინარე ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, მოხდა 30 მილიონი ლარის გამოყოფა. სახელმწიფო პროგრამა `აწარმოე საქართველოში~ ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია  ინფრასტრუქტურაზე (უძრავ ქონებაზე) ხელმისაწვდომობის კომპონენტი, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემას, 2 წლიანი საინვესტიციო ვალდებულების პირობით.

ასევე მოქმედებს, სახელმწიფო პროგრამა `აწარმოე საქართველოში~ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილი, რომელიც გულისხმობს რეგიონში მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას. აღნიშნული მიმართულებისთვის გამოყოფილია 20 მილიონი ლარი. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა არის სრულიად ახალი, რომელიც ოფიციალურად დაიწყო 2015 წლის 15 მარტს და მისი განმახორციელებელი არის მხოლოდ სსიპ `მეწარმეობის განვითარების სააგენტო~, კონტრაქტორი ორგანიზაციების მეშვეობით, აღნიშნული პროგრამა ვრცელდება მთელს საქართველოს ტერიტორიაზე გარდა თბილისისა და მიზნად ისახავს როგორც მიკრო ბიზნესის წამოსაწყებად აუცილებელ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ისე პროექტში მონაწილე პირებისთვის ტრენინგ/სემინარებისა და ინდივიდუალური კონსულტაციების მეშვეობით, ბიზნესის ეფექტურად მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას.

ფინანსური სარგებელი ამ შემთხვევაში განისაზღვრება ერთ მეწარმე სუბიექტზე 5000 ლარით, ბიზნესის წარმოებისთვის, ხოლო მეწარმე სუბიექტთა ჯგუფისთვის არაუმეტეს 15000 ლარით. აუცილებელი კრიტერიუმი ამ პროგრამაში მონაწილებისა არის მინიმუმ 20%–იანი თანამონაწილეობა ბენეფიციარის მხრიდან.

– ვისაუბროთ ინდუსტრიულ ნაწილზე, რომელსაც უშუალოდ თქვენი სააგენტო ახორციელებს.

– პროგრამის ინდუსტრიული ნაწილი გულისხმობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ორ მექანიზმს: პირველი ეს არის, კომერციული ბანკისგან მიღებული სესხის წლიურ საპროცენტო განაკვეთში თანამონაწილეობა და მეორე ეს არის ლიზინგის მეშვეობით ლიზინგის წლიურ საპროცენტო განაკვეთში თანამონაწილეობა. თუ საუბარი კომერციული ბანკიდან მიღებული სესხის პროცენტის თანამონაწილეობაზეა, ამ შემთხვევაში სახელმწიფო 2 წლის განმავლობაში მოახდენს ბანკის მიერ დაწესებული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 10%–ის თანადაფინანსებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მეწარმეს გადასახდელი ექნება 3, 2, 1, ან ნული პროცენტი. ანალოგიური შეღავათით სარგებლობს მეწარმე ლიზინგის კომპონენტის გამოყენების შემთხვევაში.

– ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მეწარმეებისთვის ბანკთან ურთიერთობაა, ბანკი რისკებს მკაცრად აფასებს და ბუნებრივია ხშირ შემთხვევაში მეწარმეს უარით ისტუმრებს, გარდა იმისა, რომ სააგენტო ბანკის პროცენტის თანადაფინანსებას ახდენს, კიდევ რით ეხმარება იგი მეწარმეებს?

– ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენი ძირითადი პარტნიორები არიან კომერციული ბანკები, ჩვენი ყველა მექანიზმი მორგებულია ბაზრის პრინციპებზე, ბანკების მხრიდან რისკების შეფასება ხდება მკაცრად, თუმცა ამის მიღმაც არის თავისი ლოგიკური ახსნა, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ იმ პრობლემების გადაჭრას, რომლის წინაშეც მეწარმე სუბიექტები დგებიან ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კონტექსტში და შესაბამისად ეს გახდა იმ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რომლის მიხედვითაც სააგენტოს თანამონაწილეობა სესხის უზრუნველყოფაში განისაზღვრა 50%–ით, რაც პროგრამის საწყის ეტაპზე იყო 30%.

მაგალითად სოფლად მცხოვრებ მეწარმეს აქვს იდეა და სურს `აწარმოე საქართველოში~ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით სარგებლობა, ვის უნდა მიმართოს მან და სანამ მიმართავს რა უნდა გაითვალისწინოს?

ეს პროგრმა როგორც უკვე აღვნიშნეთ დაიწყო 2015 წლის 15 მარტიდან, რიგ რეგიონებში. პირველი ეტაპი გულისხმობს ბიზნეს იდეების კონკურსში მონაწილეობას, რაც რეგიონში მაცხოვრებელმა ადამიანმა უნდა გაიაროს, ამისათვის უნდა მოხდეს იმ მარტივი განაცხადის ფორმის შევსება, რომელიც  ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებ–გვერდზე: ქარტული.გე. აღნიშნული  განაცხადების მიღების ვადა თავდაპირველად იყო 5 მაისი, მაგრამ იმის გამო, რომ საზოგადოების ინტერესი პროგრამაში მონაწილეობისა არის საკმაოდ მაღალი, განაცხადების მიღების ბოლო ვადად განისაღვრა 18 მაისი. ადგილობრივ დონეზე, მოსახლეობამ უნდა მიმართოს კონტრაქტორ ორგანიზაციებს, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ აღნიშნულ პროგრამას რეგიონებში. იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთის რეგიონებში განმახორციელებელ ორგანიზაციად განისაზღვრა ა(ა)იპ საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია – საქართველოს სკაუტები; ხოლო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლის რეგიონებში კი განისაზღვრა ა(ა)იპ რეგიონული განვითარების ასოციაცია. რაც შეეხება დანარჩენ რეგიონებს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტრაქტორი ორგანიზაციების შერჩევის პროცესი, რომელიც დასრულდება მასის თვეში და აღნიშნული პროგრამა იქნება ხელმისაწვდომი დანარჩენი რეგიონების მაცხოვრებლებისთვისაც.

მე მოვუწოდებ ამ პროგრამით დაინტერესებულ ადამიანებს, რომ ისარგებლონ შემთხვევით და აქტიურად ჩაერთონ პროგრამაში და შეძლონ საკუთარი ბიზნეს იდეების განხორციელება სახელმწიფოს მხარდაჭერით.

გაზეთი “ბანკები და ფინანსები”

შემთხვევითი სიახლე

თემურ ჭყონია: კანაფიან “კოკა-კოლას” არავინ დაგვაძალებს

თბილისი (BPI) – “თუ  ჩვენი ნება იქნება და საზოგადოების შესაბამისი განწყობა, მაშინ გამოვიტანთ ბაზარზე, თუ არადა არავინ …