ქუთაისის აეროპორტის სატვირთო ტერმინალის მშენებლობისთვის ევროკავშირი 61,5 მლნ ევროს გამოყოფს

თბილისი (BPI) – თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ტვირთნაკადის მომსახურებაში კონკურენციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გაუწევს. ამ დროისთვის საქართველოში ავიატვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იღებს.

ევროკომისიის ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმის მიხედვით, იგეგმება ქუთაისის აეროპორტში სატვირთო ტერმინალის მშენებლობა, რასაც ევროკავშირი 61,5 მლნ ევროთი დააფინანსებს.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით ტერმინალის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. მშენებლობა 2019 წელს უნდა დასრულდეს. პროექტის ბიუჯეტი 60 მლნ ლარი.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საათში 300 მგზავრს ემსახურება. ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი აეროპორტს 7 გასავლელი ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საათში 1000 – 1100 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას და ერთდროულად 7 რეისის მომსახურებას შეძლებს. ახალი ტერმინალის მთლიანი ფართობი 24 176 კვადრატულ მეტრი იქნება, შესაბამისად განახლებული ტერმინალი, არსებულთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ უფრო დიდი იქნება. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის საინვესტიციო გეგმის თანახმად, საქართველოსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის”  დანარჩენ ქვეყნებში, ჯამში სულ 12.8 მილიარდი ევრო დაიხარჯება. გეგმის განხორციელების შედეგად, ყველა ქვეყანაში ერთად დაგეგმილია 48 000 კმ. გზებისა და რკინიგზის მშენებლობა/რეაბილიტაცია, 6 პორტისა და 11 ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობა.

საინვესტიციო გეგმის თანახმად, საქართველოში იდენტიფიცირებულია 18 პრიორიტეტული პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 3.4 მილიარდ ევროს შეადგენს. აღნიშნული 18 პროექტიდან, 6 პროექტის განხორციელება უკვე მიმდინარეობს და პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1.3 მილიარდ ევროს შეადგენს. 2020 წლამდე, დაგეგმილია დამატებით 2 პროექტის განხორციელება რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 32 მილიონ ევროს შეადგენს. ხოლო 2030 წლამდე დაგეგმილია დამატებით 10 პროექტის განხორციელება, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 2.02 მილიარდ ევროს შეადგენს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …