ქუთაისში ცნობილი ბრენდების H&M, Mango, Zara, Coast, Benneton და Oasis ტანსაცმელი შეიკერება

თბილისი (BPI) – მამაკაცისა და ქალის ტანსაცმლის მწარმოებელ ქარხანას, კომპანია „ემჯიემტექსი“ ქუთაისში ოფიციალურად გახსნის. საწარმო 17 მაისიდან პირველ შეკვეთას მიიღებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთი ცნობილი ბრენდული კომპანიისგან, როგორიცაა: H&M.

კომპანია ქართულ-რუმინული ინვესტიციით არის შექმნილი და სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში გაიხსნა. „ემჯიემტექსი“ არის  რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის Ottorose შვილობილი კომპანია, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა: H&M, Mango, Zara, Coast, Colveta, United Collors of Benneton, Oasis და სხვა.

კომპანიამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, უახლესი ტექნოლოგიის საკერავ მანქანა-დანადგარების შეძენა შეძლო. საწარმო ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, კერძოდ უახლესი ტექნოლოგიით დამზადებულ, მაღალხარისხიან პროდუქციას ევროპის ქვეყნებში გაიტანს.

„ემჯიემტექსი“ 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდა, წლიურად 3 300 000 ლარის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს. საწარმომ ამოქმედების პირველ ეტაპზე 130 ადამიანი დაასაქმა, 2 თვეში საწარმო გაეშვება სრული სიმძლავრით, დასაქმებულების რაოდენობა  250-მდე გაიზრდება, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კი დამატებით 400 თანამშრომლის დასაქმებას გეგმავს. რაც შეეხება, ინვესტიციის მოცულობას –  საწყის ეტაპზე შეადგენს 1,2 მლნ ლარს, ხოლო შემდეგ ეტაპზე კომპანია დამატებით 5 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.  აღნიშნული საწარმო ქუთაისში, ზ. გამსახურდიას გამზ. #47 არის განთავსებული.

შეგახსენებთ, რომ კომპანია საქართველოში ბიზნესის გაფართოებით 7 თვის წინ დაინტერესდა და გადაწყვეტილების მიღებამდე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების წარმომადგენლების მხარდაჭერით კომპანია საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს სწავლობდა. ინვესტიციების მიმართულების წარმომადგენლები „ერთი ფანჯრის პრინციპით“  ეხმარებოდნენ დაინტერესებულ მხარეს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და პოტენციურ პარტიორებთან დაკავშირებაში.