ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი მაისში 37%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის მაისის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, წინა თვეებთან შედარებით მგზავრთნაკადი რეკორდულად გაიზარდა.

მაისში ქუთაისის აეროპორტი 52 631 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37%-ით მეტია (38 417 მგზავრი). რეკორდულია ზრდა რეისების რაოდენობის მიხედვითაც და 2018 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 187 რეისი შესრულდა (+26%).

2018 წლის ხუთი თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 171 064 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20 %-ით მეტია.

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ავიაკომპანია ვიზეარის ახალი, ბაზირებული რეისების დამატების შემდეგ მგზავრთნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

“მაისის თვეში ჩვენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, გასულ თვეებთან შედარებით შეიძლება ითქვას, მართლაც მგზავრების რეკორდულ რაოდენობას მოვემსახურეთ. 37 %- იან ზრდას რა თქმა უნდა, 5 ახალ ბაზირებულ რეისს ვუკავშირებთ, რომლებსაც უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ვიზეარი 17 მაისიდან რომის, პარიზის, ბარსელონას, პრაღისა და ათენის მიმართულებით, მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდით ასრულებს. მოლოდინი პოზიტიური გვაქვს. ივნისის თვეში მგზავრთნაკადის საგრძნობლად გაზრდას ველოდებით“, – განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.