ქონების ეროვნული სააგენტო: ვაშაძე ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს აუქციონის პროცედურებთან დაკავშირებით

თბილისი (BPI) – სახელმწიფო ქონების ეროვნული სამსახური “ახალი საქართველოს” ლიდერ გიორგი ვაშაძეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.

„სოფელ დიდ დმანისში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 16 ჰა მიწის ნაკვეთის იჯარის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ფიზიკური პირი გიორგი ვაშაძე ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებით ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში და აუქციონის პროცედურებთან დაკავშირებით მთელ რიგ უზუსტობებს ავრცელებს,“ – განმარტავენ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.

როგორც მედიის წარმომადგენლებთან სააგენტოს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ფიცხელაურმა აღნიშნა, აუქციონის მიმდინარეობისას, ნებისმიერ დაინტერესებულ სუბიექტს სრული შესაძლებლობა ჰქონდა ადგილზე დაეთვალიერებინა საიჯარო მიწის ნაკვეთი. „ბატონი გიორგი ვაშაძის 30 აპრილის განცხადებასთან დაკავშირებით გვინდა განვმარტოთ, რომ დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ დმანისში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის 10 წლის ვადით იჯარით უფლებით გადაცემის მიზნით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 6 მარტს გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი, რომელიც დასრულდა 2018 წლის 20 მარტს. აღნიშნულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოვლინდა ფიზიკური პირი , გიორგი ვაშაძე. აუქციონის მიმდინარეობისას, ასევე მისი დასრულების შემდგომ, გამარჯვებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა, შესაბამისი აპარატურით აღჭურვილ სააგენტოს უფლებამოსილ პირებთან ერთად დაეთვალიერებინათ საიჯარო მიწის ნაკვეთი, გაცნობოდნენ ტერიტორიაზე არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებს“ – განაცხადა გიორგი ფიცხელაურმა.

მისივე ინფორმაციით, მიწის ნაკვეთზე ვრცელდება სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვებაზე გაცემული ლიცენზია, ნაკვეთზე არ არის განთავსებული მართვის პულტი და მიწის ნაკვეთს გააჩნია აუცილებელი მისასვლელი გზა. შესაბამისად, ის არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ნივთობრივი ნაკლის მქონე ობიექტს.

„ასევე განგიმარტავთ, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებად მონაცემებს განსაზღვრავს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვითაც განცხადებაში მითითებული გარემოებები ამონაწერში ასახვას არ ექვემდებარება“ – აღნიშნა ფიცხელაურმა. შეგახსენებთ, რომ “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3′ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით განკარგვისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვისას აუქციონის შედეგები უქმდება, თუ ზემოაღნიშნულ ვადაში საიჯარო უძრავ ქონებაზე შესაბამისი ხელშეკრულება არ გაფორმდება.