ქართული ტყავის ჩანთების კომპანია „გეფერინის“ მაღაზია ჰონგ-კონგში გაიხსნა

თბილისი (BPI) – ჰონგ-კონგში, ყველაზე პრესტიჟულ სავაჭრო ცენტრში Harbour City ქართული ტყავის ჩანთების მწარმოებელი  კომპანიის „გეფერინის“ მაღაზია გაიხსნა.

მარტში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, კომპანიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ჰონგ-კონგში გამართულ ტყავის პროდუქტების გამოფენაზე APLF, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი კონტაქტები დაამყარეს საერთაშორისო მყიდველებთან ე.წ „buyer”-ებთან. სწორედ ამ ღონისძიების შედეგად, შპს „გეფერინსა“ და კომპანია InterBlock Hong Kong Limited-ს შორის წარმატებული კონტრაქტი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ქართული კომპანია ჰონგ-კონგის ტერიტორიაზე ერთი წლის განმავლობაში ექსკლუზიური წარმომადგენელი იქნება.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA). ასევე 2018 წლიდან ძალაშია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან, რაც დამატებით რამდენიმე მილიარდიან ბაზარზე საბაჟო გადასახადის გარეშე წვდომის საშუალებას აძლევს საქართველოში მოქმედ კომპანიებს.

შემთხვევითი სიახლე

მინისტრი სახელმწიფო საწარმოების გასხვისების ინიციატივით გამოდის

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მან ქართული ეკონომიკის დიაგნოსტიკა ჩაატარა  და  აღმოაჩინა მთავარი ნაკლოვანება …