ქართული კომპანიები საკვები პროდუქტებისა და სასმელების გამოფენაში Sial Canada მიიღებენ მონაწილეობას

თბილისი (BPI) – სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 2-დან 4 მაისის ჩათვლით, 4 ქართული ექსპორტიორი კომპანია საკვები და სასმელი პროდუქციის წამყვან საერთაშორისო გამოფენაში SIAL Canada 2018 მიიღებს მონაწილეობას და ქართულ ნაწარმით წარდგება.

საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც კანადაში, კერძოდ ქალაქ მონრეალში გაიმართება, სასმელი და საკვები პროდუქციის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. გამოფენას 50 ქვეყნიდან 35 000-ზე  მეტი ვიზიტორი დაესწრება, ხოლო მონაწილე კომპანიების რაოდენობა 1 000-ს აღემატება.

ქართული სტენდის ქვეშ გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ: შპს „არომაპროდუქტი“, შპს „ჯორჯიან ნექტარი“, შპს „გსქ კულა“ და შპს „ჯორჯიან პროდაქტს რენესანს“. კომპანიები ფართო საზოგადოებას ქართული წარმოების ხილისა და ბოსტნეულის წვენებს, სხვადასხვა კონსერვირებულ პროდუქტს და თხილს წარუდგენენ.

აღსანიშნავია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს  ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით.

შეგახსენებთ, რომ ზემოთხსენებული შეხვედრა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციას, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდას და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას.