„პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის

„პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. როგორც დღეს მტავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მთავრობა ევროპაში არსებული თანამედროვე  მოდელების გათვალისწინებით,  სრულიად ახალ ეტაპს იწყებს.

„ეს გახლავთ ძირითადად გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში აპრობირებული მოდელები. ცვლილებები გულისხმობს პროფესიული განათლების ახალი სისტემის შექმნას”, აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

კერძოდ, განხორციელდება მნიშვნელოვანი ცვლილებები:

  • პირველი – პროფესიულგანათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის  ინტეგრაცია, ანუ, ჩნდება ატესტატის მიღებისა და პროფესიული განათლებიდან უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობა;
  • ცვლილებები ასევე ქმნის პროფესიული განათლების საფეხურზე მიღებული კრედიტების უმაღლესი განათლების საფეხურზე ჩათვლის შესაძლებლობას;
  • მოხდება სამუშაოზე დაფუძნებული – ე.წ. დუალური სწავლების ფორმის განსაზღვრა და მისი პრიორიტეტიზაცია;
  • ცვლილებები ასევე აჩენს ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობას;
  • ჩამოყალიბდება პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სისტემა, არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ზრდასრულთათვის განხორციელდება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მიზანი ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს კვალიფიკაციის მინიჭება, ხოლო მეორე შემთხვევაში – ცალკეული კომპეტენციების განვითარება, ცოდნის გაღრმავება, გადამზადება და ა.შ.
  • დაინერგება ინკლუზიური განათლების სისტემური მიდგომები;
  • სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, მათ შორის, სწავლის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის უფლება მიენიჭებათ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია;
  • ჩამოყალიბდებამასწავლებლების მომზადების, კარიერული წინსვლის სისტემა;
  • იქმნება არაფორმალური და ფორმალური განათლების აღიარების შესაძლებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია;
  • კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია ევროსტანდარტებთან, მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებთან.

”მე მინდა ვთხოვო განათლების მინისტრს და არა მხოლოდ მას, რომ დღეს მედია ოთახში გააკეთოს კომენტარები ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ”, აღნიშნა კვირიკაშვილმა.