პრემიერი: საქართველო საერთაშორისო ავიაინდუსტრიის რუკაზე ადგილს იკავებს

თბილისი (BPI) – პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის გახსნის მნიშვნელობაზე საუბრობს. აღნიშნავს, რომ ეს საქართველოში ავიაინდუსტრიის დარგის გაცოცხლების დღეა. ქარხანაში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, რაც პრემიერი თქმით, დადებითად აისახება ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე.

“საქართველო საერთაშორისო ავიაინდუსტრიის რუკაზე საკუთარ ადგილს იკავებს და რეგიონში ამ დარგის ლიდერი ხდება. საქართველოში იხსნება სამხრეთ კავკასიაში პირველი მაღალტექნოლოგიური ქარხანა ATC. ეს გახლავთ საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანია Elbit Systems Cyclone-ის ერთობლივი პროექტია, 93 მლნ დოლარიანი ინვესტიციით. „ელბიტ სისტემსი“ მსოფლიოში წამყვანი კომპანიაა, რომელიც ისეთ მსოფლიო გიგანტებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა Boeing, Bombardier და Airbus და ა.შ. მაღალტექნოლოგიური ქარხნის მშენებლობისთვის წარმოებული ხანგრძლივი კვლევის შემდეგ, Elbit Systems-ის მიერ სწორედ საქართველო შეირჩა, რაც ადასტურებს ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის წარმატებას. საამაყოა ის ფაქტორები, რომლებმაც ეს არჩევანი განაპირობა. ეს არის – ამ დარგში უკვე არსებული გამოცდილება, ლიბერალური საგადასახადო სისტემა, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, წარმოების განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობები, ასევე, ევროკავშირთან, რეგიონის ყველა ქვეყანასთან და ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები და, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

სრული დატვირთვით მუშაობას საწარმო 5 წელში შეძლებს და წლიური გაყიდვები 60 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. პროდუქციის პოტენციური მყიდველები იქნებიან მსოფლიო საავიაციო ბაზრის წამყვანი კომპანიები. საწარმოში შეიქმნა 300 ახალი სამუშაო ადგილი, 90% ადგილობრივი სპეციალისტი იქნება.