პრემიერი: ენგურჰესის ტურისტული ცენტრი მსოფლიო დონის ატრაქცია გახდება

თბილისი (BPI) – ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. პროექტის პრეზენტაცია პრემიერმა ენგურჰესზე წარადგინა და დაანონსა, რომ პროექტის ანალოგი მხოლოდ კალიფორნიის შტატშია – ჰუვერის ჰიდროელექტროსადგურზე.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანას შეემატება მასშტაბური, მრავალფუნქციური ტურისტული ზონა და ენგურჰესის ტურისტული ცენტრი მსოფლიო დონის ატრაქცია გახდება. პრემიერი დარწმუნებულია, ტურისტული ცენტრი საქართველოს სავიზიტო ბარათად იქცევა.

“გვაქვს უნიკალური ენგურჰესის შენობა, რომლის თაღოვანი კაშხალი სიდიდით მეორეა მსოფლიოში და იმსახურებს ინდუსტრიული და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს”.

ტურისტურლი ინფრასტრუქტურა 157 ჰექტარზე მოეწყობა და მოიცავს შემეცნებით და აღმოჩენათა ცენტრს, გაკეთდება საბაგირო გზა, სამუზეუმო საინფორმაციო ცენტრი, მოეწყობა საკონფერენციო სივრცეები, სანაოსნო ინფრასტრუქტურა. აქვე იქნება მსოფლიოში ყველაზე მაღალი, 280 მეტრიანი ლიფტი.

უკვე გამოცხადებულია ტენდერი, რისთვისაც სახელმწიფომ 2 მილიონი ლარი გამოყო.

პროექტირება ერთ წელიწადს გაგრძელდება, რის შემდეგაც თაღოვანი კაშხლის ტერიტორიაზე სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება.

სამშენებლო სამუშაოების საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 50 მილიონი ლარი იქნება და როგორც პრემიერი ამბობს, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება პოტენციურ კერძო ინვესტორებთან. მთლიანობაში პროექტის განხორციელებისთვის 5 წელი სახელდება. წინასწარი გათვლებით, ტურისტული ზონა წელიწადში 400 ათასამდე ტურისტს მიიღებს.

პრემიერის განცხადებით, ენგურჰესის ტურისტული ზონის მოწყობის პროცესში მუდმივად იქნება დასაქმებული 200-მდე ადამიანი და რა თქმა უნდა პრიორიტეტი ადგილობრივ მოსახლეობას მიენიჭება. ხოლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, კიდევ 100-მდე ადამიანი დასაქმდება.

შემთხვევითი სიახლე

ბაზარს საცალო დაკრედიტების გაჯანსაღების არ სჯერა

თბილისი (BPI) – საცალო დაკრედიტების “გაჯანსაღებით”, ეკონომიკის 3%-იან ვარდნაზე,  საბანკო და მისი თანამოაზრე 10  ასოციაციის …