პოლიეთილინის თხელი პარკების კონტროლი 15 ოქტომბრიდან დაიწყება

ზაზა ხუციშვილის თქმით, ბიზნესს ეძლევა საშუალება, უკვე დამზადებული პოლიეთილენის თხელი პარკები ამოყიდოს, თუმცა 15 ოქტომბრიდან ეს აიკრძალება.

“ბიზნესს დრო უნდა მივცეთ, რომ წარმოებაში გაშვებული პარკები ამოყიდოს. ეს არის ყველაზე თხელი პარკები, რომლებიც ადვილად იხევა, ქარს მიაქვს და საშინლად აბინძურებს გარემოს. ამის დეგრადირებას თითქმის 200 წელი უნდა. შემდეგი წლის აპრილიდან პოლიეთილენის პარკებზე საერთოდ უარს ვიტყვით. დღევანდელი ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, რომ ბიოდეგრადირებადი მასალებისგან იყოს დამზადებული პარკები. ამას გარდა, კარგი ტრადიცია იყო, როდესაც ოჯახში ყველას, ნაჭრის პარკები ჰქონდათ და ასე დადიოდნენ მაღაზიებსა და ბაზარში. ვფიქრობ, ეს ტრადიცია აღდგება, რადგან ყველა ერთად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ქვეყანას ერთად უნდა გავუფრთხილდეთ. ეს არ არის იძულება, ეს არის იმისთვის, რომ გარემო დიდ ნაგავსაყრელს არ დაემსგავსოს.

რაც შეეხება კონტროლს, როგორც წესი, აღსრულების ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ამაზე შესაბამისი კონტროლი იქნება”, – თქვა ზაზა ხუციშვილმა.

2018 წლის 1 ოქტომბრიდან იკრძალება პოლიეთილენის პარკების წარმოება და რეალიზაცია იზღუდება. კანონი ძალაში ეტაპობრივად შევა. 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების გამოყენება უკვე აიკრძალა, თუმცა მაღაზიებში მსგავსი არკები ჯერ კიდევ აქტიურ გამოყენებაშია.

კანონდარღვევის შემთხვევაში მეწარმე დაჯარიმდება 500 ლარით. განმეორებით დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში 1 000 ლარით და პროდუქციის კონფისკაციით.

 

შემთხვევითი სიახლე

აჭარის ღვინის სახლის ქვევრში 8 ტონა ყურძნისგან დაწურული ღვინო განთავსდება

თბილისი (BPI) – აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ღვინის სახლში ყურძნის კრეფა და დაწურვა დაიწყო. ვაზის სანერგე მეურნეობში სასუფრე-საღვინე …