პირველი ელექტროავტობუსი უკვე საქართველოშია

თბილისი (BPI) – პირველი ელექტროავტობუსი უკვე საქართველოშია. ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო, უხმაურო და კომფორტული თანამედროვე E-Bus-ი #61 მარშრუტზე იმოძრავებს.

ელექტროავტობუსი კომპანია “ფრეგობასმა” ჩამოიყვანა. ფოთის პორტში გადაღებული შესაბამისი ვიდეო კომპანიამ გაავრცელა.

“ჩვენ უკვე რეალურად ვიწყებთ ჩვენს გარემოზე ზრუნვას. ელექტროავტობუსი უკვე საქართველოშია და თბილისისკენ მოემართება”- წერს კომპანია სოციალურ ქსელში.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ავტობუსების გამონაბოლქვი 0%-ია, 100%-ით ელექტროავტობუსია, უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიურია.

კომპანია “ფრეგობასი” მომავალში გერმანულ-ჩინური პარტნიორობით ელექტროავტობუსების წარმოების დაწყებას გეგმავს. “ფრეგობასი” გერმანულ კომპანია EURABUS-თან და უმსხვილეს ჩინურ კორპორაცია ZTE Corporation-სთან  მემორანდუმი ჯერ კიდევ შარშან გააფორმა. ელექტროავტობუსების წარმოების უპირატესობად ის სახელდება, რომ ავტობუსი სრულად ელექტროძრავზე მუშაობს და შესაბამისად, 100%-ით ეკოეფექტურია.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში “ფრეგობასი” რამდენიმე ასეული სამუშაო ადგილის შექმნას ვარაუდობს.