ნიუ ჰოსპიტალსში ოპერაციებს უცხოელი ოფთალმოლოგები ჩაატარებენ

თბილისი (BPI) – ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში თვალის ბადურაზე ოპერაციებს გერმანიიდან, ჩეხეთიდან, ლიტვიდან და უკრაინიდან მოწვეული ქირურგები ჩაატარებენ. 21 მაისს ჩამოვლენ და 6 თვის განმავლობაში მოემსახურებიან პაციენტებს. ამაში შედის  ბადურის დაავადებების დიაგნოსტირებაც.

ქირურგიული პროცედურები მოიცავს ბადურის ჩამოცლის (ტრაქციული, რეგმატოგენური), ეპირეტინული მემბრანის (მაკულარული ნაოჭი), უცხო სხეულის ექსტრაქციაის, ბადურასთან ან მინისებრი სხეულის შემღვრევასთან დაკავშირებულ სხვა დაავადებების მკურნალობას.

მედიცინის დოქტორი, ივან ფიშერი, პრაღის ევროპული თვალის კლინიკის, „ლექსუმის“ ხელმძღვანელია და უდიდესი გამოცდილება გააჩნია ვიტრეორეტინულ ქირურგიაში. იგი მრავალი წელია მუშაობს მსოფლიოს წამყვან ოფთალმოლოგიურ კლინიკებში, მათ შორის აშშ-სა და ჩეხეთში, ჩატარებული აქვს ათასობით ქირურგიული პროცედურა და არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის და სახელმძღვანელოს ავტორი.

მედიცინის დოქტორი და ოფთალმოქირურგი, კონსტანტინე ფურცხვანიძე, 2004 წლიდან მოღვაწეობს გერმანიაში, კილის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც პროფესიული გამოცდილების მანძილზე ჩატარებული აქვს ათასობით ქირურგიული პროცედურა და არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი სპეციალიზაცია მოიცავს ვიტრეორეტინულ ქირურგიას, კატარაქტის ქირურგიას, თვალის პოსტტრავმულ ქირურგიას, ონკო-ოფთალმოლოგიას, ონკო-ქირურგიას, ნეირო-ოფთალმოლოგიას, ასევე ქუთუთოების და საცრემლე არხის ქირურგიას.

მიხაილო გავურა დნეპროპეტროვსკის რეგიონული კლინიკური ოფთალმოლოგიური ჰოსპიტალის წამყვანი ოფთალმოლოგი და სამედიცინო კვლევების ავტორია. ჩატარებული აქვს მრავალი ათასი ქირურგიული პროცედურა და მისი სპეციალიზაციის სფერო მოიცავს ვიტრეორეტინულ ქირურგიას, თვალის მიკროქირურგიას, ხელოვნური ბროლების იმპლანტაციას, ფაკოემულსიფიკაციას, პედიატრიული ოფთალმოლოგიასა და ნეირო-ოფთალმოლოგიას.

მედიცინის დოქტორი, მარტინას სპეჩკაუსკასი, ლიტვის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის წამყვანი ოფთალმოლოგი და მეცნიერ-თანამშრომელია, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილებაც ათასობით ქირურგიულ პროცედურას ითვლის თვალის ქირურგიის, ვიტრეორეტინული ქირურგიის და კატარაქტის ქირურგიის მიმართულებით.

საუკუნოვანი გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი ლიდერია ოფთალმოლოგიური პროცედურების, ქირურგიისა და დიაგნოსტიკის მიმართულებით, ის 2011 წლიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებს, აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო ტექნიკით და საუკეთესო ოფთალმოლოგიური სერვისებით უზრუნველყოფს პაციენტებს, მათ შორის გადაუდებელი ოფთალმოლოგიური დახმარების მომსახურებას, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.

შემთხვევითი სიახლე

PSP-ში დიაბეტის სამკურნალო საშუალებები გაიაფდა

თბილისი (BPI) – 13 აგვისტოდან PSP-ში მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები გაიაფდა. ინიციატივა, რომელიც ჯანდაცვის …