მთავრობა ელექტრონული კომერციის შესახებ კანონის მიღებას გეგმავს

თბილისი (BPI) – ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშილი ამბობს, რომ ქვეყანაში ელექტრონული კომერციის შესახებ კანონის მიღება იგეგმება.

„ვგეგმავთ უკვე 2018 წლიდან მივიღოთ კანონი ელექტრონული კომერციის შესახებ, ამით ამოქმედდება საქართველოში ელექტრონული კომერციის ევროპული რეგულაციები,” – განაცხადა ქუმსიშვილმა კომპანია „საქართველოს ფოსტის“ ახალი სერვისის „მალეოს“ პრეზენტაციაზე.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ახალი კანონი ხელს შეუწყობს ინტერნეტსივრცეში, ელექტრონული კომერციის პროცესში, მომხმარებელთა უფლებების და მათი პერსონალური მონაცემების დაცვას.

„ამასთან, აუცილებლად მიგვაჩნია საქართველოში დაინერგოს ელექტრონული კომერციის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები. კანონი ასევე ხელს შეუწყობს ელექტრონული კომერციის პლატფორმების სანდოობის ამაღლებას, საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას, ადგილობრივ ბიზნესს, მათ შორის, მცირე და საშუალო საწარმოებს საკუთარი პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გატანაში დაეხმარება,“ – განაცხადა მინისტრმა. მან ასევე დაანონსა, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული კომერციის სტრატეგიის დოკუმენტზე, რომლის მიზანია საქართველოში წარმოებული მაღალი პოტენციალის მქონე პროდუქტების იდენტიფიცირება და ელექტრონული კომერციის საშუალებით საერთაშორისო ბაზარზე, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ბაზარზე გატანა და გაყიდვების ხელშეწყობა.

„დოკუმენტზე მუშაობაში  გვეხმარება ევროკავშირი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროექტი „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA საქართველოში“.