მსოფლიოში მაისი ჰიპერტენზიის თვედ გამოცხადდა

თბილისი (BPI) – კამპანიამ „გაიზომე წნევა – ამას შენთვის გეუბნები“ სტარტი საქართველოშიც აიღო

16 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  პრესკონფერენცია გაიმართება.  პრესკონფერენცია კომპანია „სერვიეს“ ორგანიზებით ეწყობა და გლობალურ და სოციალურ პროექტში საქართველოს აქტიურ ჩართულობას უკავშირდება. 

პრეკონფერენციას დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ ფრანგული ფარმაცევტული კომპანია “სერვიეს” საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი მაია ხეცურიანი, საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პასკალ მენიე, აკ. წინამძღვრიშვილის სახ. კარდიოლოგიური ცენტრის დირექტორი, თსუ-ს შინაგანი მედიცინის კათედრის გამგე, საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი ბეჟან წინამძღვრიშვილი.

ღონისძიებაზე ასევე მოწვეულები არიან ექიმები, პაციენტები, პროექტში ჩართული კეთილი ნების ელჩები, მედიაპარტნიორები და სხვა.

მნიშვნელოვანია, რომ ჰიპერტენზიის გამოვლენის მიზნით, გლობალური აქცია მსოფლიოს მასშტაბით, სახელწოდებით,  „გაიზომე წნევა – ამას შენთვის გეუბნები“ მიმდინარეობს. კამპანიის მიზანს, ჰიპერტენზიის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, წნევის რეგულარულად გაზომვის კულტურის დანერგვა და  სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობის გამოწვევა წარმოადგენს.

დღეს საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია ჰიპერტენზიისა და მისი სირთულეების შესახებ, საზოგადოების ერთმა  ნაწილმა იცის დაავადების თაობაზე, მაგრამ არ აღიქვავს მას  სერიოზულად, მეორე ნაწილს კი აქვს  არტერიული წნევა, მაგრამ არ აკონტროლებს.

პრესკონფერენციაზე ასევე დაანონსდება 17 მაისს,  კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელში დაგეგმილი აქტივობის  #გაიზომეწნევაამასშენთვისგეუბნები შესახებ. აქტივობა იქნება  გადამდები,  მოწოდების სახის და მაგალითი მეგობრისთვის, მეზობლისთვის, თანამშრომლისთვის, ახლობლისთვის, მშობლისთვის, ოჯახის წევრისთვის –  აუცილებელია წნევის რეგულარულად გაზომვა, რათა დაინახონ  და გააცნობიერონ მისგან გამოწვეული სირთულეები და პრობლემები.

პრესკონფერენციის დასასრულს, გაიმართება ვიდეო რგოლის პრეზენტაცია, რომლის ძირითადი მონაწილეები არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები: დუტა სხირტლაძე, ნიკა წულუკიძე, ანა ჩირაძე, ლელა მებურიშვილი, გიორგი კეკელიძე, რუსკა მაყაშვილი… ისინი ერთვებიან პროექტში, კეთილი ნების ელჩებად, რათა მოუწოდონ მათ მშობლებს, მეგობრებს, ახლობლებსა და საზოგადოებას, რომ მიხედონ ჯანმრთელობას და მუდმივად აკონტროლონ წნევა.
ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 17 მაისს აღინიშნება. წელს მაისი ჰიპერტენზიის თვედ გამოცხადა და მიეძღვნა კამპანია  „გაიზომე წნევა – ამას შენთვის გეუბნები“. კამპანია სოციალური და გლობალური პროექტია, რომელიც ემსახურება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (ჰიპერტენზიის) პრევენციასა და მართვის ხელშეწყობას როგორც საქართველოში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  უახლესი მონაცემებით მსოფლიოში დაახლოებით 1.2 მილიარდი ადამიანი ებრძვის ჰიპერტენზიას და ეს მაჩვენებელი მუდმივად იზრდება. მიმდინარე კამპანია მიზნად ისახავს გავამახვილოთ ყურადღება ჰიპერტენზიაზე  და ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება ამ დაავადების შესახებ. ახალგაზრდების წახალისება ხელს შეუწყობს მათი მშობლებისა და ახლობლების მოტივაციას, რათა შემოწმდეს მათი წნევის მაჩვენებლები და მოხდეს დაავადების უკეთესი მონიტორინგი. საზოგადოების ინფორმირება ჰიპერტენზიის შესახებ ამ დაავადების წინააღმდეგ  ბრძოლის  მნიშვნელოვანია წინაპირობაა.

შემთხვევითი სიახლე

ეკონომიკის სამინისტრო ანალიტიკოსთა ჯგუფს აყალიბებს და კონკურსს აცხადებს

თბილისი (BPI) – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს ანალიტიკოსთა ჯგუფს აყალიბებს და შესარჩევ კონკურსს აცხადებს. …