მომავალი წლიდან ისრაელში ქართული პროდუქციის ექსპორტი შესაძლოა გაიზარდოს

საქართველოდან ექსპორტის მოცულობის გაზრდის  მიზნით, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატამ ჩამოიყვანა OK Kosher Certification, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ქაშერული სასერთიფიკაციო სააგენტოა. მისი ქაშრუთის ლაბორატორია 1935 წელს დაარსდა, რათა მსოფლიო ებრაული თემების საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნილება დაეკმაყოფილებინა.  ქაშერული პროდუქტი  ისეთი პროდუქტია, რომელიც შეესაბამება ქაშრუთის ებრაულ დიეტურ წესებს. ასეთ პროდუქტზე მსოფლიოში მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, რადგან მისი მომხმარებლები არიან არა მხოლოდ ებრაელები, არამედ არაებრაელებიც, რადგან ქაშერული პროდუქტის მაღალი ხარისხი ყოველთვის გარანტირებულია.  ქაშერი საკვებისა და სასმელის ბაზარი მოიცავს თითქმის მთელ მსოფლიოს, განსაკუთრებით კი იქ, სადაც ებრაული თემებია.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში განსაკუთრებით გაიზარდა ქაშერული პროდუქტების გაყიდვები. მხოლოდ 2002 წელს  მან 165 მილიარდ დოლარს მიაღწია. დღეს  OK სერიფიკატს გასცემს 140,000 პროდუქტზე, რომელსაც მთელ მსოფლიოში 1500-ზე მეტი კომპანია უშვებს, მათ შორის ისეთი გიგანტები, როგორიცაა  Kraft, Snapple  და ConAgra.  მასში  350-ზე მეტი რაბინი მუშაობს.

როგორც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატაში აცხადებენ, ქართული პროდუქტის მწარმოებელ კომპანიებს შეუძლიათ მიმართონ ბიზნეს პალატას, რომელიც უანგაროდ დააკავშირებს OK Kosher Certification-ს. თავის მხრივ.  ქართული პროდუქცია მიიღებს „OK” ხარისხის ნიშანს, რაც მას გზას გაუხსნის მსოფლიო ბაზარზე, მათ შორის ისრაელში. ამ უკანასკნელთან, სტატისტიკური მონაცემებით, წლიურად საქართველოდან ექსპორტი არ აღემატება 10 მილიონ დოლარს, რაც არც თუ დიდი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ ქაშერული პროდუქტის წარმოების პროცესი არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ სირთულეებთან, ღვინის წარმოების გამოკლებით, რომელიც საჭიროებს ცალკე წარმოების ამოქმედებას.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს თქმით,  საქართველოში OK Kosher Certification-ის შემოსვლა ქართულ წარმოებას აძლევს ახალ შანსს, მეტი ხარისხიანი პროდუქტი გაიტანოს მსოფლიო ბაზარზე. ეს გაზრდის  ექსპორტსაც და ქვეყნის ცნობადობას. ამასთან, ქვეყანაში ებრაელი ტურისტების გაზრდილი რაოდენობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მათ ადგილზე წარმოებული ქაშერული პროდუქტით მოემსახურონ.

შემთხვევითი სიახლე

HUAWEI P20 Pro  –  რევოლუცია მობილურ ფოტოგრაფიაში

თბილისი (BPI) – დავინახოთ სამყარო მკაფიო ფერებით – ფაქტობრივად ეს არის მობილურების მწარმოებელი კომპანიების მამოძრავებელი …