მინისტრი: რეფორმები მოსახლეობის კეთილდღეობის, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული

თბილისი (BPI) – ეკონომიკის მინისტრი ქვეყანაში დაწყებულ რეფორმებს მნიშვნელოვანს უწოდებს და ამბობს, რომ ეს მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება.

“დიახ, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საშუალოვადიან პერიოდში საქართველოში გატარდება უმნიშვნელოვანესი რეფორმები, მათ შორის, საპენსიო რეფორმა; კაპიტალის ბაზრის რეფორმა; საჯარო-კერძო პარტნიორობის ეფექტიანი სქემის შექმნა; მიწის რეფორმა და სხვა,”  – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პროგრამის დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება, არაერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმა იყო ამბიციური.

„ყველა ეს რეფორმა ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისკენ არის მიმართული, რაც რა თქმა უნდა დღეს არსებული მოწყვლადობების აღმოფხვრას უზრუნველყოფს. ეს კი, როგორ ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის იქნება მიმართული“, – აღნიშნა ქუმსიშვილმა და მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას საქართველოს რეფორმების მხარდაჭერისთვის.

მისი თქმით, პროგრამის წარმატებით მიმდინარეობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისათვის და იგი თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იქნება.