მინისტრი: ბუნებრივი რესურსების სწორი მართვა ახალი ინდუსტრიების განვითარებას შეუწყობს ხელს

თბილისი (BPI) – პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სამინისტროს სისტემაში შექმნილ სსიპ „წიაღის ეროვნული სააგენტოს” ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან როგორც დარგის, ისე აღნიშნული უწყების განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

მინისტრმა ქვეყნის ბუნებრივი რესურსების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დარგის განვითარებამ სამომავლოდ ხელი უნდა შეუწყოს არსებულ სანედლეულო ბაზაზე დაყრდნობით დამატებული ღირებულის შექმნასა და ახალი ინდუსტრიების განვითარებას. 

„საქართველოს ექსპორტის 35% სასაქონლო პროდუქციაზე მოდის. ამდენად, მნიშვნელოვანია წიაღისეულის სწორი, მდგრადი განვითარება. გვსურს, დარგის განვითარებამ ხელი შეუწყოს დამატებითი ღირებულების შექმნასა და ახალი ინდუსტრიების ჩამოყალიბებას,“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა წიაღის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ.

წიაღის ეროვნული სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში საქართველოს მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად შეიქმნა. მასში გაერთიანდა ყოფილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ფუნქციები.

ახლადშექმნილი სააგენტო განახორციელებს სასარგებლო წიაღისეულის მართვას (მათ შორის, მასთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებს) და განსაზღვრავს რეგულირების საფასურს, აგრეთვე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების, ასევე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ წიაღით სარგებლობის სათანადო პირობების კონტროლს.

 

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …