მინისტრი: ბუნების მოყვარულები უკეთ გაიცნობიან საქართველოს დაცული ტერიტორიების უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას

თბილისი (BPI) – დაცული ტერიტორიების სააგენტო ევროპარკების ფედერაციაში გაწევრიანდა. სააგენტოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ ჰოსეკმა წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სერტიფიკატის გადაცემის ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ ამიერიდან, საქართველოს დაცული ტერიტორიები წარმოდგენილი იქნება ევროპის საუკეთესო დაცული ტერიტორიების გვერდით და ბუნების მოყვარულები უკეთ გაიცნობენ საქართველოს დაცული ტერიტორიების უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას.

“მნიშვნელოვანია, რომ გვეძლევა საუკეთესო გამოცდილების და ცოდნის გაზიარების, ფედერაციის სხვა წევრებთან აქტიურად თანამშრომლობის შესაძლებლობა”, – განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ეს ფაქტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციაში ევროპის და მსოფლიოს მასშტაბით.

ევროპარკების ფედერაცია ევროპის დაცული ტერიტორიების ქოლგა ორგანიზაციაა და მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ევროპის ეროვნული პარკებისა და ბუნების პროფესიული ქსელი.

ფედერაციაში გაწევრიანებულია 36 ქვეყანა და ასობით დაცული ტერიტორია. ფედერაციაში გაწევრიანებით საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეძელვა გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების შესაძლებლობა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ევროპარკების ფედერაციაში გაწევრიანება ჩეხეთის საელჩოს, WWF- კავკასიის ოფისს, TJS-ს და KFW-ს მხარდაჭერით განხორციელდა.

ღონისძიებაზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2 ახალი კლიპის პრეზენტაციაც გაიმართა.

 

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …