MCC განათლების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის $68 მლნ გრანტს გამოყოფს

თბილისი (BPI) – ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში საქართველოში გრანტის სახით 68 მილიონ აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტების გახორციელებისათვის.

2018 წელს, ფონდი განაგრძობს საჯარო სკოლების სრულ რეაბილიტაციას საქართველოს რეგიონებში, დაგეგმილია თბილისში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი 4,750 კვადრატული მეტრი კორპუსის შიდა სამშენებლო სამუშაოების განხორციელება.

ამასთან დაკავშირებით  7 თებერვალს 11:00 საათზე სასტუმროში “ქორთიარდ მარიოტი” გაიმართება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კონფერენცია თემაზე „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინფრასტრუქტურული პროექტები – 2018”. კონფერენციაზე წარდგენილი იქნება დეტალური ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი შესყიდვების და ინფრასტრუქტურის პროექტების შესახებ.

2015 – 2017 წელს ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა საქართველოს რეგიონებში დაასრულა 30 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია (მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, კახეთსა და ქვემო ქართლში) და დამატებით დაიწყო 28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია კახეთის რეგიონში. 2018 წელს დაიწყება 33 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასავლეთ საქართველოში.

2017-2018 წწ. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ უნივერსიტეტებში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ფონდმა რეაბილიტაცია ჩაუტარა და თანამედროვე აღჭურვილობით მოაწყო 4,250 კვადრატული მეტრის სასწავლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურა.  2017 წელს ფონდმა შეისყიდა 4 მლნ აშშ დოლარის უახლესი ლაბორატორიული აღჭურვილობა და სიმულატორები ფონდის მიერ დაფინანსებული პროფესიული განათლების 45 ახალი პროგრამისთვის.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის შესახებ: 2013 წელს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტს (კომპაქტს), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. კომპაქტი ძალაში შევიდა 2014 წლის 1 ივლისს და ხორციელდება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ.