მასწავლებლებისთვის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების მიდგომებზე კონფერენცია გაიმართება

თბილისი (BPI) – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი მასწავლებელთათვის კონფერენციას „მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები ზუსტი და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებების სწავლებისას“ 9 ივნისს, 10:00 საათზე, სასტუმრო რედისონში, გამართავს.

კონფერენცია გაიმართება საქართველოს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული ცენტრის დირექტორი  გიორგი მაჩაბელი.

კონფერენცია, რომელსაც ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინგლისურისა და გეოგრაფიის 200-ზე მასწავლებელი და 50-ზე მეტი ქართველი და უცხოელი განათლების ექსპერტი დაესწრება. აღნიშნული კონფერენცია იქნება დამატებითი შესაძლებლობა სწავლებისა და თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის გამოსავლენად, არსებული სიახლეების, თანამედროვე მიდგომებისა და რესურსების გასაცნობად.

კონფერენციის ფარგლებში  იგეგმება მასწავლებლების მიერ თავიანთი საუკეთესო პრაქტიკის  პოსტერ პრეზენტაციის ფორმატში წარდგენა დამსწრე საზოგადოების წინაშე.  ასევე, საქართველოში არსებული ინოვაციური სასწავლო რესურსის გამოფენა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის 2015 წლის 25 დეკემბერს გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ცენტრის მიერ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური და ექსპერტული მხარდაჭერით 7-12 კლასების ზუსტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, გეოგრაფიის და ინგლისურის, ასევე საჯარო სკოლის დირექტორების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. საერთო ჯამში პროგრამის ფარგლებში 25 000 მდე სპეციალისტი გაივლის გრძელვადიან მომზადებას.