მაკა ასათიანის ადვოკატები IT-ს დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

თბილისი (BPI) – მაკა ასათიანის ადვოკატები IT-ს დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

“როგორც საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ მ/წლის 5 ივლისს გამოაქვეყნა დასკვნა „კორუფციის რისკების სასამართლო სისტემაში“, სადაც ერთ-ერთ ასეთი კატეგორიის საქმედ, მოხსენიებულია ამჟამად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განხილვაში არსებული დავა შპს „აკას“ ყოფილ პარტნიორს დავით ძოწენიძეს და ასათიანების ოჯახს შორის.
კვლევის თანახმად, ასეთი შეფასება შედეგად მოჰყვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, უკვე დასრულებული საქმის წარმოების თითქოსდა დაუსაბუთებელ და უსაფუძვლო განახლებას, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმებით.
ასეთი დასკვნა, ჩვენი ღრმა რწმენით, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაგვიდასტურდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ, განპირობებულია 2 შესაძლო მიზეზით: ეს არის ან კონკრეტული დაკვეთის შესრულება ან საქმე გვაქვს კვლევის საგნის ზედაპირულ შესწავლასთან, მხოლოდ ერთი მხარის (ამ შემთხვევაში დავით ძოწენიძის) მიერ ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მეორე მხარესთან ამ ინფორმაციის გადამოწმების გარეშე.
ბუნებრივია, რომ კორუფციის შესახებ უსაფუძვლო ბრალდება მძიმე შეურაცხყოფაა, რაც ისედაც რეაგირებას საჭიროებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია შეფასებების და მოვლენების იმ საეჭვო თანხვედრამ, რასაც ამ შემთხვევაში აქვს ადგილი:
კერძოდ, მას შემდეგ, რაც საქმის წარმოების განახლების შემდეგ დავით ძოწენიძემ წააგო დავა, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოებში მისი სარჩელის აშკარა უსაფუძვლობის და ხანდაზმულობის გამო (სადავო ფაქტიდან სარჩელის წარდგენამდე გასულია 12 წელი), საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას დ. ძოწენიძის მხარემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სწორედ საქმის წარმოების განახლების განჩინების უსაფუძვლობაზე და საკასაციო საჩივრის ფარგლებში მოითხოვა შესაბამისი, კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმება, რაზედაც მას უკვე შეტანილი ჰქონდა კერძო საჩივარი, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული.

კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში განხილვებისას, აქცენტი კეთდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებზე, რომელთა სრულიად არასწორი ინტერპრეტირებით, მხარე ცდილობს როგორმე მიაღწიოს ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაყვანას ე.წ. „წინმსწრებ“ განჩინებათა კატეგორიაში და ასეთი ფორმით მის რევიზიას.
შესაბამისად, ამ ვითარებაში, როდესაც სასამართლოს დასრულებული აქვს საქმის განხილვა და გასულია გადაწყვეტილების გამოსატანად, დასკვნის გამოქვეყნება ამ საქმის კორუფციული რისკების შესახებ, პრაქტიკულად დ. ძოწენიძის მოსაზრებების იდენტური დასკვნებით, აღქმული უნდა იქნეს, როგორც სასამართლოზე ზემოქმედების მცდელობაში პირდაპირი, თუ ირიბი ფორმით მონაწილეობა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ექსპერტებთან დახურული შეხვედრის შემდეგ, როცა მათ თვალნათლივ დავანახეთ, თუ რამდენად აშკარა იყო საქმის წარმოების განახლების აუცილებლობა ჩვენს მიერ ახალი მტკიცებულების (ოქმის დედნის) წარდგენის შემდეგ, რომელიც ნამდვილად არ იყო საქმეში მისი თავდაპირველი განხილვისას და რაზეც ხაზგასმით და პირდაპირ არის კიდეც მსჯელობა სასამართლოს განჩინებაშიც, გვქონდა საფუძვლიანი მოლოდინი, რომ დაუყოვნებლივ იქნებოდა უარყოფილი ზემოაღნიშნული დასკვნა, რაც სამწუხაროდ ამ დრომდე არ მომხდარა.
ამდენად, უახლოეს პერიოდში სარჩელით მივმართავთ სასამართლოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წინააღმდეგ, ღირსებისა და რეპუტაციის უსაფუძვლოდ შელახვის გამო.
ამავდროულად, მ. ასათიანი დაიწყებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაციას, რომ საქმის კურსში ჩააყენოს ისინი მომხდართან დაკავშირებით და მოითხოვოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საქმიანობის შესწავლა”, – ნათქვამია განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

კანაფი კოკა-კოლასაც აფიქრებს

თბილისი (BPI) – “კოკა-კოლა” მარიხუანას  გამოყენებაზე ფიქრობს. სასმელში კანაფის შემცველის ინგრედიენტად დამატებაზე, “ბლუმბერის” ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ …