ლარის კურსის არამდგრადობის გაუჟღერებული მიზეზები

თბილისი (BPI) – მოცემულ ანალიზში სხვა რაკურსიდან დავაკვირდეთ ლარის კურსის არამდგრადობის მაპროვოცირებელ მიზეზებს, რომელიც დღემდე მთავრობის, ეროვნული ბანკის და ექსპერტების მიერ არ გაჟღერებულა.

ასევე აუცილებელია გავიხსენოთ ისტორია. ლარის კურსი 2014 წლის ნოემბრის დასაწყისში 1,75 ნიშნულზე. ჯორჯ სოროსის ვიზიტი საქართველოში 2014 წლის ბოლოს და ლარის გაუფასურებისა და არამდგრადობის დასაწყისი. უნდა აღინიშნოს, რომ ჯორჯ სოროსმა პოპულარობა და „ინგლისის ბანკის გამტეხის“ სახელი 1992 წელს მოიპოვა. ფულადი მანიპულაციებით მან $1 მილიარდის ოდენობის სუფთა მოგება მიიღო: 1992 წლის შუა ხანებიდან სოროსი გირვანქა სტერლინგებს მცირე პარტიებით ყიდულობდა. ამის შემდეგ სოროსმა 15 მლრდ გერმანული მარკა შეიძინა. ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებაზე ბალანსის მკვეთრი ცვლილების გამო გირვანქა სტერლინგის კურსი დაეცა. თავდაპირველად გაერთიანებული სამეფოს ცენტრალური ბანკი შეეცადა, დაეცვა გირვანქა სტერლინგი და შესაბამისი განაკვეთი 10%-დან რამდენიმე საათში 12% და 15%-მდე აწია. თუმცა ვერც ამ მცდელობამ და ვერც ევროპული ბანკების სავალუტო ინტერვენციებმა გირვანქა სტერლინგის ვარდნა ვერ შეაჩერეს. 1992 წლის 16 სექტემბერს ბრიტანეთმა ევროპის სავალუტო სისტემა დატოვა. მომდევნო 5 კვირის განმავლობაში სტერლინგი გერმანულ მარკასთან 15%-ით დაეცა, ხოლო აშშ დოლართან მიმართებაში 25%-ით. სოროსმა გაუფასურებული სტერლინგები 15 მლრდ გერმანულ მარკად შეიძინა. გაზრდილმა მოთხოვნამ კვლავ აწია გირვანქა სტერლინგის კურსი. სოროსმა ამ სპეკულაციით 1 მილიარდი აშშ დოლარი. სწორედ ამის გამო მას უწოდეს ადამიანი, რომელმაც „ინგლისის ბანკი გატეხა.“

ქვემოთ მოცემული ვარაუდები ემყარება ემპირიულ კვლევას (ცდის მიერ, პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარეობს). უნდა გამოვყოთ დამატებით რამდენიმე შესაძლო პრობლემა:

ქართული კომერციული ბანკების მიერ დაწესებული მაღალი „სპრედი“(სხვაობა ვალუტის ყიდვა–გაყიდვას შორის). სპრედის ვიზუალიზაციისთვის, მოვიყვანოთ ერთერთი ლიდერი ბანკის მიერ ოფიციალურ გვერდზე არსებული შეთავაზება:

სტანდარტული კურსი აშშ დოლარი: ყიდვა 2.655 | გაყიდვა 2.735 | სპრედი: თეთრი

image001

საბითუმო კურსი, ბლუმბერგის საინფორმაციო სისტემაში გამოცხადებული კურსი ლართან მიმართებაში. აღნიშნული კურსები ძალაშია 1 მლნ ლარის ეკვივალენტი უნაღდო ვალუტის გაცვლის შემთხვევაში. მიუხედავად ამისა სპრედი მაღალია.

image002

საყურადღებოა, საქართველოს მეორად სავალუტო ბაზრებზე, გადამცვლელ პუნქტებზე არსებული მცირე სპრედი, რომელიც 0,5 თეთრის ფარგლებშია, იმ პირობებში, როდესაც  ბანკები ფიზიკურ პირებს 8 თეთრიან სპრედს სთავაზობენ. 

image003

   აქედან გამომდინარე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი. ხომ არ ხდება კომერციული ბანკების მიერ ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დაწესებული მაღალი სპრედის მეშვეობით, საზოგადოებისა და ბიზნესის მიზანმიმართულად მეორად ბაზრებზე გადამისამართება, სადაც სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები შავი ფულის ბრუნვასთან დაკავშირებით ნაკლებია. საეჭვოა გადამცვლელ პუნქტებზე პროგნოზირების ბერკეტების არსებობა იმ პირობებში, როდესაც კომერციული ბანკები მაღალ სპრედს უწესებენ ბიზნესსა და საზოგადოებას, ვალუტის კურსის არამდგრადობის წინაპირობით.

ასევე საყურადღებოა ეკონომიკის ანალიტიკოსის, ბატონი ვაჟა კაპანაძის სტატია, რომელიც კვირის პალიტრის N. 44–ში გამოქვეყნდა. საუბარია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და ბანკების მოგების კოლერაციაზე, კურსის არამდგრადობის ზეგავლენის შესაძლო მექანიზმებზე. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ეკონომიკა მოკრძალებულად 5%–მდე იზრდება, კომერციული ბანკები ზემოგებაზე, ორნიშნულიან ზრდაზე საუბრობენ.საინტერესოა რა არის ამის საფუძველი? ნოდარ დუმბაძის – მე, ბებია, ილიკო და ილარიონის დიალოგთან – ზურიკელას ლექსის შეფასებასთან და ქართულ საბანკო სივრცეში არსებულ მდგომარეობასთან, რომ გავავლოთ პარალელი: თუ ბიზნესი ცუდ დღეშია, მოქალაქეები უფრო უარესში და ქვეყნის ეკონომიკაც ვერ ვითარდება სოლიდურად (ორნიშნა ციფრებით) – რა უხარიათ კომერციულ ბანკებს? საიდან ზემოგება? 

  სამეწარმეო საქმიანობა მართლზომიერი არაერთჯერადი საქმიანობაა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით. თუნდაც ბიზნესიდან და საზოგადოებიდან სხვა და სხვა მექანიზმების გამოყენებით, სოლიდური თანხების ამოქაჩვით, ზემოგების მიღების ცდუნება დიდია, თუ არ არსებობს “მართლზომიერი” სახელმწიფო რეგულირების მექანიზმები. თუ ერთი ბანკი იყენებს გარკვეულ “ფულის ამოღების” მეთოდებს, მეორე ბანკი დევიაციას (გადახვევას) ვერ მოახდენს და თავს არაკონკურენტულ გარემოში ვერ ჩაიგდებს. ასეთი ვითარების “გაწონასწორებისათვის”, არსებობს მთავრობა, კანონმდებლობა, სახელმწიფო რეგულირების მექანიზმები, რომელიც დაიცავს ბანკებს ცდუნების განხორციელებისაგან, საზოგადოებას გაღატაკებისგან და ბიზნესს გაკოტრებისგან.

    ევროპაში ასეთი პრობლემები დიდი ხანია ევროს შემოღებით აღმოიფხვრა. ამიტომ მაგალითისთვის, ვნახოთ რა ვითარებაა ჩვენს სამეზობლოში, ბანკების მიერ შეთავაზებული გაცვლითი ყიდვა–გაყიდვის კურსების და სპრედის ოდენობის მხრივ.

თურქეთი
ზირაათ ბანკი აშშ დოლარი/ლირა: ყიდვა 3.9565 | გაყიდვა 3.963 | სპრედი: 0,98 კურუში (0.68 თეთრი)

image004

აზერბაიჯანი
პაშა ბანკი აშშ დოლარი/მანათი: ყიდვა 1.6900 | გაყიდვა 1.7020 | სპრედი: 0,98 გეპიკი (1,56 თეთრი)

image005

რუსეთი
სბერბანკი აშშ დოლარი/რუბლი: ყიდვა 58.21 | გაყიდვა 60.39 | სპრედი: 2,18 რუბლი (~ 10 თეთრი)

image006

სომხეთი
ამერიაბანკი აშშ დოლარი/დრამი: ყიდვა 481.5 | გაყიდვა 485.5 | სპრედი: 4 დრამი (~2,24 თეთრი)

image007

არაბეთის გაერთიანებული საამიროების დირჰამი

1978 წელს დირჰამმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის სპეციალური კრედიტის მიღების უფლება მოიპოვა. ამის შემდეგ 1997 წელს აშშ დოლართან მიმართებაში   დირჰამს ხელოვნურად შენარჩუნებული ფიქსირებული კურსი 1$ > 3.6725 AED აქვს

    თუ დავაკვირდებით უცხოური ვალუტის (FOREX – Foreign Exchange) სავალუტო წყვილების ყიდვა–გაყიდვის სხვაობას, ვნახავთ, რომ სპრედი უმნიშვნელოა.

image008

ლარიზაცია ანუ იგივე დე–დოლარიზაცია, შესაძლოა საპირისპიროდ მოქმედებდეს და უარყოფითი გავლენა ჰქონდეს.

იპოთეკურ სესხებზე დოლარში ბანკები 6-7% სთავაზობენ, ხოლო სესხებზე ლარში 12-13%ორჯერ უფრო ძვირია ლარში აღებული სესხი. ამასთანავე, პიროვნებას თუ დოლარში უნდა სესხის აღება, ბანკი მას ლარიზაციის შეზღუდვებიდან გამომდინარე ეუბნება, რომ 100 ათას ლარამდე სესხის აღება მხოლოდ ლარში შეიძლება. ამიტომ, მსესხებელს სთავაზობს აიღოს 100 ათას ლარზე მეტის ეკვივალენტი დოლარი, იმისათვის რომ გადაილახოს ლარიზაციის ბარიერი. შესაბამისად, ლარიზაციის მექანიზმი შესაძლოა უფრო მეტ დოლარიზაციას ახდენს, ვიდრე ლარზე მოთხოვნის ზრდას.

საქართველოს ეროვნული ბანკის მექანიზმი – ინფლაციის თარგეთირება.

ეკონომისტები იყენებენ ტერმინს ინფლაცია იმ სიტუაციის აღწერისათვის როდესაც ეკონომიკაში ფასების საერთო დონე იზრდება. ინფლაციის დონე ფასების ინდექსის პროცენტული ცვლილებაა წინა წელთან შედარებით. სამომხმარებლო ფასების ინდექსი (სფი) ტიპიური მომხმარებლის მიერ შეძენილი საქონლისა და მომსახურების საერთო ღირებულების მაჩვენებელია. სფი–ს განსაზღვრის კომპონენტებია კალათის დაფიქსირება იმ ძირითადი პროდუქციითა და რაოდენობით, რომლებიც მნიშვნელოვანია ტიპიური მომხმარებლისთვის, შემდგომ ფასების დადგენა, კალათის ღირებულების გამოთვლა და წინა პერიოდთან შედარება, იმისათვის, რომ გავიგოთ პროცენტული ცვლილება და ინფლაციის დონე.  სფი იმის შეფასებას ცდილობს, თუ რამდენად უნდა გაიზარდოს შემოსავალი, რომ შენარჩუნებულ იქნას ცხოვრების იგივე დონე. იმის გამო, რომ მაღალი ინფლაცია საზოგადოებას უამრავ დანახარჯებს აკისრებს, ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნება პოლიტიკოსთა ძირითადი მიზანია მთელ მსოფლიოში.

    ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი ვლადიმერ პაპავა აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის განსაზღვრის მექანიზმი – „ინფლაციის თარგეთირება“ დრომოჭმულია. „არაერთი კვლევა არსებობს, რომ ეს მექანიზმი დრომოჭმულია, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისთვის, რომელთათვის იმპორტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ნობელის პრემიის ლაურეატს – ჟოზეფ სტიგლიცს აქვს წერილი, სადაც წერს რომ ქვეყანაში სადაც იმპორტი მკვეთრად აღემატება ექსპორტს, თუ გაცვლითი კურსი გაიქცა, ინფლაციას ვერ დაიჭერ. ინფლაციის თარგეთირების ნაცვლად შემოთავაზებულია მიდგომა, როდესაც გაცვლითი კურსი არის ფოკუსირებული ან ფულის მასა ღუზად გამოიყენება და უფრო მეტიც, რომელიც კომპლექსური მიდგომებით გამოირჩევა და რომლითაც ბევრ მოვლენას უყურებ“.

    ინფლაციისა  და ვალუტის კურსის არაპროგნოზირების პირობებში, საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულება მძიმე ტვირთად აწევს როგორც საზოგადოებას ისე ბიზნესს. ამიტომ თუ ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციის დღეს არსებული მექანიზმი არ მუშაობს, მნიშვნელოვანია შეიცვალოს უფრო ეფექტიანი მეთოდებით.   

    ქვეყნის განვითარების, საზოგადოების კეთილდღეობისა და ჯანსაღი ბიზნეს გარემოს ხელშეწყობისათვის მნიშვნელოვანია სამი რამ: სტაბილურობა, გონივრული პროგნოზირება და თანაბარ პირობებში მოქმედი ეკონომიკური სუბიექტების არსებობა. დარგობრივი კვლევები გვიჩვენებს, რომ ინსტიტუტების და რეგულირების მექანიზმების არარსებობა საქართველოში, ხელს უწყობს ქაოტური მდგომარეობის განვითარებას და კრიზისულ სიტუაციებში ფატალური შედეგების მატებას. შედეგად ქვეყანა, საზოგადოება და ბიზნესი ვერ ვითარდება. პირიქით ზიანდება. მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ უფრო აქტიურად შეუწყოს ხელი მეცნიერულ კვლევებს, ინსტიტუტების განვითარებას, იმისათვის რომ მოხდეს კომპლექსური ანალიზი და ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღება. საქართველოს ყავს მეცნიერები, ეკონომისტები, დარგის ექსპერტები. შესაბამისად მათი ჩართვა ქვეყნის განვითარების გზების ძიებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ავტორი: ჯაბა თარიმანაშვილი

  • ბიზნესის ანალიტიკოსი
  • ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი
  • საზღვაო მომსახურებისა და სატრანსპორტო კომპანია ტრანს ლოგისტიკის დირექტორი