კვლევის შედეგად, ყველის 12 ნიმუშში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებია აღმოჩენილი

 

თბილისი (BPI) – ყველის 12 ნიმუშში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებია აღმოჩენილი, ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძემ“ კომპანია „მარკეთ ინთელიჯენს კავკასუსმა” ჩაატარა.

კვლევის დროს ჩაატარეს 15 განსხვავებული ყველის მიკრობიოლოგიური ანალიზი და აღმოჩნდა, რომ 12 ნიმუშში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული წესები და ნორმები არ არის დაცული. აღნიშნულ ნიმუშებში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები – კოლიფორმები და სტაფილოკოკების რაოდენობა დასაშვებ ნორმაზე მეტია. ეს ბაქტერიები ძირითადად დაბინძურებული გარემოს და მომსახურე პერსონალის მიერ ჰიგიენური ნორმების დარღვევის შედეგად ჩნდება.

რაც შეეხება, რძის ცხიმის სისუფთავის ანალიზის პასუხს, 15 ნიმუშიდან, 8-ში, მცენარეული ცხიმები აღმოჩნდა, რომლებიც გადამუშავების პროცესში ტრანს-ცხიმებად იქცევიან. როგოპრც “საქრძეში” აღნიშნავენ,  ხანგრძლივ პერსპექტივაში ამას ლეტალურ შედეგებამდე მივყავართ.

ზემოთაღნიშნული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, რძის მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ (Dairy Georgia) იწყებს აქტიურ მუშაობას, რათა გაზარდოს მომხმარებელთა ცნობიერება ყველის შესახებ და ხელი შეუწყოს ქვეყანაში ხარისხიანი ყველის წარმოებას.

კვლევის „ყველის ბაზარი და მისი პრობლემები საქართველოში“ პრეზენტაციას და დეტალურ ანალიზს “საქრძე” 15 იანვარს, სასტუმრო Holiday Inn-ის საკონფერენციო დარბაზში გამართავს.

“კვლევა სამ ეტაპად დაიყო. საწყისს ეტაპებზე, თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში, მომხმარებელთა ის კატეგორია გამოიკითხა, რომელიც ყველის შეძენისას გადაწყვეტილების მიმღებია და ამ პროდუქტს კვირაში ერთხელ მაინც მოიხმარს. შედეგად, მომხმარებელთა მიერ იმერული ყველის მოხმარების სიხშირე, შეხედულებები და ქცევა იქნა შესწავლილი.

კვლევის დასკვნით ეტაპზე კი, იმ ობიექტებიდან, სადაც მოსახლეობა ყველს ყველაზე ხშირად ყიდულობს, აღებული ნიმუშები ლაბორატორიულად შემოწმდა.

მთლიანი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მომხარებელთა 93 % იმერულ ყველს მოიხმარს.დადასტურდა, რომ ქართველი მომხმარებლისთვის ყველი საკულტო პროდუქტია, რომელიც დაკავშირებულია ჯანსაღ საკვებთან, ჯანმრთელობასთან და ორგანიზმისთვის ისეთ სასარგებლო ნივთიერებასთან, როგორიცაა კალცი.

თუმცა, გამოკითხული მოსახლეობის ნახევარზე მეტი, არაეტიკეტირებულ, ე.წ. გლეხურ პირობებში დამზადებულ ყველს ყიდულობს. მათივე მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში, ყველისა და რძის პროდუქტების შენახვის ნორმები მეტადაა დაცული, თვლიან რომ ყველი, ქარხნული წესით არის წარმოებული და არ არის „ნატურალური“, – აღნიშნულია კვლევაში.

შემთხვევითი სიახლე

გურჯაანში ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

თბილისი (BPI) – გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში კომპანია „ვაზისუბნის მამული“ ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს. საწარმო …