კობა გვენეტაძე: რეზერვების დაგროვების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს

თბილისი (BPI) – ქვეყნის მთავარი ბანკირი IMF-ის პროგრამით გათვალისიწნებული ყველა კრიტერიუმის შესრულებაზე სასუბრობს, მათ შორის  მონეტარულსა და ფისკალურზეც. აღნიშშავს, რომ აუცილებელია რეზერვების დაგროვების პოლიტიკის გაგრძელება

კობა გვენეტაძემ სავალუტო ფონდის მისიასთან დასკვნითი შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდა 2017 წელს უფრო მაღალი იყო და გაიზარდა 2018 წლის პროგნოზიც, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზეა, ბიუჯეტის დეფიციტი უფრო ნაკლებია ვიდრე წინა მიმოხილვით იყო გათვალისწინებული და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი.

“სავალუტო ფონდთან პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. ინფლაციის დინამიკაზე იმსჯელეს ფონდის მისიასთან შეხვედრის ფარგლებში. 2017 წელს ინფლაცია დროებით თარგეთს მაღლა შენარჩუნდა, რაც აქციზის გადასახადისა და იმპორტის ფასების ზრდას უკავშირდებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, 2018 წლის დასაწყისში ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა ეროვნული ბანკის მიზნობრივ ნიშნულამდე – 3%-მდე. სავალუტო ფონდის პროგნოზით, ინფლაცია მიმდინარე წელს 3%-ზე დაბლა შენარჩუნდება. სავალუტო ფონდმა ხაზი გაუსვა მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის მნიშვნელობას ეკონომიკის საგარეო შოკებისაგან დასაცავად. იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო რეზერვების არსებული დონე ჩამორჩება სსფ-ს კომპოზიტური მეტრიკის მიერ რეკომენდირებულ მაჩვენებელს, აუცილებელია გაგრძელდეს რეზერვების დაგროვების პოლიტიკა”, – განმარტავს სებ-ის პრეზიდენტი.

ქვეყნის მთავარი ბანკირი ამბობს, რომ აუცილებელია მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის კიდევ უფრო გაძლიერება. „2016 წლის ბოლოს გამოცხადებულმა ლარიზაციის ღონისძიებებმა ხელი შეუწყო სესხების და დეპოზიტების დოლარიზაციის ეტაპობრივ შემცირებას, თუმცა დეპოზიტების დოლარიზაცია კვლავ მაღალია. სავალუტო ფონდი სრულად იზიარებს და მხარს უჭერს ეროვნული ბანკის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ლარიზაციის ზრდისკენ. ფონდის მისია ასევე მხარს უჭერს ფინასური სტაბილურობის გაძლიერების მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებს, რომელიც მიმართულია ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის ჩარჩოს, რეგულირების და ზედამხედველობის გასაუმჯობესებლად. კერძოდ, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო მაკროპრუდენციული პოლიტიკის გააქტიურება, კაპიტალის დამატებითი მოთხოვნების შემოღება ბაზელ III ჩარჩოს ფარგლებში, ეროვნული ბანკის მიერ საბანკო ჯგუფებზე ზედამხედველობის განხორციელება, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ზედამხედველობისა და რეგულირების გაძლიერება და ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება. ეს ყველაფერი აძლიერებს საბანკო სექტორის უნარს უკეთ გაუმკლავდეს შოკებს და გააუმჯობესოს ფინანსური შუამავლობა”, აცხადებს გვენეტაძე.