ჯიპიაი: სამოქალაქო პასუხისმგებლობის კანონმა რომ იმუშაოს, აღსრულების მექანიზმი უნდა არსებობდეს

თბილისი (BPI) – გასულ წელს მომხდარი მასშტაბური ხანძრების შედეგად, ხელისუფლებამ შეიმუშავა კანონპროექტი მასობრივი თავშეყრის ადგილებში ბიზნესმფლობლეთათვის  სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ, რომელიც ძალაში რამდენიმე თვის წინ შევიდა. კერძო სადაზღვევო სექტორი საერთაშორისო გადამზღვევ კომპანიებთან ერთად აქტიურადაა ჩრთული, თუმცა ამჯერად ყველაზე დიდ პრობლემას კანონის აღსრულება წარმოადგენს. თემასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა „ბიზნესკოდში“ ჯიპიაი ჰოლდინგი კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორმა თინათინ სტამბოლისვილმა ისაუბრა.

„ჩვენს, სადაზღვევო კომპანიებს, დიდი რისკი გვაქვს აღებული. გადამზღვევ კომპანიებთან მოლაპარაკებისას, მათი მთავარი  პირობა იყო, რომ უნდა ყოფილიყო სავალდებულო ბაზარი, რაც  ბაზრის სრულად მოცვას უზრუნველყოფს. თუმცა ამ ეტაპზე არ გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია რა სიტუაციაა ამ მხრივ, ვინდაიან არ ხდება კონტროლი, არ სრულდება აღსრულების წესი. ამიტომ,   კანონის მოქმედების  თანმდევი მისი აღსრულების მექანიზმი უნდა იყოს. სახელმწიფოს მხრიდან უნდა ხდებოდეს მონიტორინგი და კონტროლი იმისა თუ რამდენად ხდება ბაზრის მოცვა. კანონის ეფექტიანობისთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამასთან დაკავშირებით კანონი განხილვის პროცესშია და იმედია უახლოეს პერიოდში დამტკიცდება.“

სტამბოლისვილის ინფორმაციით, კანონპროექტი აღსრულების მექანიზმთან დაკავშირებით, პარლამენტშია შეტანილი განსახილველად და აცხადებს, რომ მისი დროულად მიღება უაღრესად მნიშვნელოვანია.

სავალდებულო პასუხმგებლობის დაზღვევა ვრცელდება სავაჭროცენტრებზე, ავტო და აირგასამართს სადგურებზე, ბაზრობებსა და 100 და მეტ ადგილიან სასტუმროებზე.  თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ასეთი ტიპის სასტუმროები საქართველოში ძალიან მცირეა და უდიდესი ნაწილი ბაზარზე არსებული სასტუმროებისა კანონის მიღმა რჩება. თუმცა სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონს მცირე, მაგრამ მაინც აქვს ირიბი გავლენა ასეთ სეგმენტზე. კერძო სადაზღვევო კომპანიები საკუთარი ძალებით ცდილობენ მცირე და საშუამო ბიზნეს ობიექტებს მიაწოდონ ინფორმაცია სამოქალაქო პასუხისმგებლობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე იმ რისკების გათვალისწინებით, რომელიც მათ საქმიანობას ახლავს.