ზიანი თუ სარგებელი – რა მოაქვს ბანკებს ეკონომიკისთვის

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, პოსტზე ახალი დანიშნული იყო, როდესაც მწვავე განცხადება გააკეთა ბანკების მიმართ. მისი თქმით ბანკების ეკონომიკის განვითარებას აფერხებდნენ, თუმცა გავიდა ცოტა ხანი და სებ-ის ყოფილი ხელმძღვანელის მხირდან ბანკების მიმართ მწვავე განცხადება აღარ მოგვისმენია, არც მისგან და არც ცენტრალური ბანკის ახლანდელი პრეზიდენტისგან. მიუხედავად იმისა, რომ საბანკო სფერო უკეთესობისკენ არ შეცვლილა, ბოლო 9 წელიწადში. ქართული ბანკების მოგება კვლავ დიდი სისწრაფით იზრდება, მაშინ როცა მთლიანად ქვეყნის ეკონომიკა ბოლო 4 წელია 5%-ს ვერ აცდა. წამყვანი ბანკების მოგება წლიურად 60% და 80%-ითაც კი იზრდება. ასე მაგალითად, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. წელს 9 თვეში კომერციულმა ბანკებმა 631 815 000 ლარის მოგება მიითვალეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 30,4%-ით აღემატება.

აღსანიშნავია, რომ ასეთი მაღალი მოგება კომერციულ ბანკებს იანვარ-სექტემბერში არასდროს არ მიუღიათ. თუ მოგების ზრდის ასეთი ტემპი შენარჩუნდა, წლის ბოლოს კომერციული ბანკების წმინდა მოგება ყველა რეკორდი მოხსნის და 800 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

საგულისხმოა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, კომერციული ბანკების წმინდა მოგება ზრდის ტენდენციით ხასიათდება და თითქმის ყოველ წელს ახალ რეკორდს ხსნის.

2012 წელი -134,2 მილიონი. ლარი;

2013 წელი – 389,1 მლნ. ლ;

2014 წელი – 474,8 მლნ. ლ;

2015 წელი – 537,3 მლნ. ლ;

2016 წელი –  631,8 მლნ. ლ.

რაც შეეხება ისევ იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელს, ასე გამოიყურება: 2016 წლის იანვარ-სექტემბერში კომერციული ბანკების მოგება იყო – 484 277 000 ლარი, 2015 წელს – 377 077 000 ლარი, 2014-ში – 303 710 000 ლარი, 2013 წლის იანვარ-სექტემბერში კომერციული ბანკების მოგებამ 274 951 000 ლარს მიაღწია ა. შ. შედეგად გამოდის, რომ ბოლო 5 წელიწადში კომერციული ბანკების მოგება 129,7%-ით გაიზარდა.

მაღალი მოგების მიუხედავად, საბანკო სექტორი ბიუჯეტში არცთუ დიდ ფულს იხდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, შარშან ყველა კომერციულმა ბანკმა ერთად ბიუჯეტში 79 317 მლნ ლარი შეიტანა, 2015-ში – 67 252 მლნ ლარი, 2014-ში – 79 894 მლნ ლარი, 2013 წელს კომერციული ბანკების მოგების გადასახადმა მხოლოდ 44 534 მლნ ლარი შეადგინა. წელს, 9 თვეში კი ბანკებმა 65 122 მლნ ლარი გადაიხადეს.

მიუხედავად იმისა, რომ საბანკო სფერო ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მომგებიანი სექტორია. სახელმწიფო ბიუჯეტს ამ სფეროდან სარგებელი მინიმალურია გამომდინარე იქიდან, რომ ბანკები შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით სარგებლობენ. ჯერ კიდევ კახა ბენდუქიძის დროს გადაწყდა საბანკო სფეროს დახმარება ამ სექტორის განვითარების ხელშესაწყობად. საბანკო სფერო გათავისუფლებულია მთელი რიგი გადასახადებისგან. მთლიანი საფინანსო სექტორის მიმართ დაბეგვრის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს. ამასთან ხელისუფლება და ცენტრალური ბანკი ცდილობენ ბანკებს ყველანაირი სასათბურე პირობები შეუქმნან იმისათვის, რომ ეკონომიკის დაკრედიტება გაიზარდოს. თუმცა ბანკები, არასაკმარისი რესურსისა თუ მაღალი მოგების მიღების გამო, ძირითადად იმპორტს აკრედიტებენ და რეალური სექტორის დაფინანსებას ერიდებიან.

საბანკო სფეროს სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კომერციული ბანკების დაბეგვრა ცოტათი განსხვავდება სხვა სახის საწარმოების დაბეგვრისგან თუნდაც იმით, რომ იქ ხარჯებში გათვალისწინებულია რეზერვების მოცულობა. ამიტომ კომერციულ ბანკს ყოველთვის აქვს ლავირების საშუალება, რათა საკუთარი საგადასახადო ბაზა შეამციროს.

ასე თუ ისე, ქართული საბანკო სექტორი ყოველწიურად რეკორდულ მოგებაზე გადის, შესაბამისად არც მიმდინარე წელი იქნება გამონაკლისი. როგორც წესი განვითარებულ ქვეყნებში ბანკების შემოსავლები ეკონომიკის ზრდასთან კორელაციაშია ხოლმე, თუმცა ქართული საბანკო სფეროს მოგების ზრდა რამდენიმეჯერ აღემატება ქვეყნის ეკონომიკის ზრდას. ბანკების შემოსავლების სტრუქტურაში ბანკების მთავარი შემოსავლის წყარო არასპროცენტო შემოსავლებია, როგორიცაა ჯარიმები, საურავები, საკომისიოები, დასაკუთრებული ქონება და ა.შ. ასევე შესავლებში დიდი წილი უკავია ფიზიკური პირებისგან მიღებულ სარგებელს, ხოლო იურიდიული პირებისგან, ანუ იმ სესხებს, რამაც ეკონომიკაში აქტივობას უნდა შეუწყოს ხელი მცირე წილი უკავიათ ბანკების საკრედიტო პორტფელში. ამას თუ დავუმატებთ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მიღებულ სარგებლეს, ანუ შიდა ვალის ასაღებად გამოშვებული ფასიანი ქაღალდები, რომელთა 4/5 სწორედ ბანკების ხელში ხვდება, ნათელია თუ რატომ იზრდება ბანკების მოგება დიდი სისწრაფით. ყველაზე მომგებიანი ბანკის მოგება წინა წელთან შედარებით 80%-ი და მეტით რომ იზრდება, იქ რაღაც არ არის კარგად.

მიუხედავად ბანკების მოგების ზრდასა და ეკონომიკის ზრდის ტემპს შორის აბოსლუტური აცდენისა ცენტრალური ბანკისა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელები კვლავ ჯიუტად იმეორებენ ერთი და იგივეს, რომ ქართული საბანკო სფერო ყველაზე წარმატებულია რეგიონში. თუმცა რას გულისხმობენ სიტყვა „წარმატების“ უკან გაუგებარია. თუ მოგების ზრდის მიხედვით შევაფასებთ, კი არიან წარმატებულნი და არამხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ტოპ 10-ეულში შედიან. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ საბანკო საქმიანობა მომსახურების სფეროა და მისი წარმატებულობა იმის მიხედვით უნდა შეფასდეს, თუ რამდენად კმაყოფილია კლიენტი ამ მომსახურებით. ასე მაგალითად, არავინ აფასებს რესტორანს ან თუნდაც სასტუმროს წარმატებულობას (ვასრსკვლავების მინიჭებას) მისი მოგების მარჟიდან გამომდინარე, არამედ ხდება მათი შეფასება კლიენტებისთვის მიწუდებული სერვისების შესაბამისად. თუ საქართველოში მოქმედი ბანკების კლიენტებს გადავხედავთ საოცრად გაგვიჭირდება კმაყოფილი პირების მოძებნა. მსხვილი ბიზნესი ხელისუფლებას უკვე წლებია თხოვს ბანკებისთვის არაპროფილურ საქმიანობის აკრძალვას, რადგან ბანკებმა უკვე მოიცვეს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროები და იმ ფირმასთან კონკურირება, რომელსაც უკან ქვეყნის უმსხვილესი ბანკი უდგას ძალიან ძნელია. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ თემურ ჭყონიამ ლუდის ბიზნესის დატოვება გადაწყვიტა იმ მიზეზით, რომ ამ ბაზარზე „საქართველოს ბანკი“ შედის. თუ ისეთი მსხვილი ბიზნესმენი, როგორიც თემურ ჭყონიაა თავს არიდებს მსხვილ ბანკთან კონკურირებას სხვა მცირე მეწარმეებმა რა უნდა ქნან, ან ვინ უნდა შემოვიდეს უცხოელი ინვესტორი, რომ ასეთი მასშტაბების აქტივების წინააღმდეგ მძიმე კონკურენტულ ბრძოლაში ჩაერთოს ერთ-ერთ მსხვილ ბანკთან იმსიათვის, რომ საქართველოს დაბალმსყიდველობითუნარიანი 3,5 მილიონია ბაზარი დაიკავოს?! მცირე და საშუალო ბიზნესი საერთოდ მათ მთავარ პრობლემას ფინანსებზე ხემიუწვდომლობას ასახელებს და ბანკების კრიტიკაში ატარებენ დღეებს. ფიზიკური პირები კი იმდენად გაწვალდნენ კომერციულ ბანკებთან ურთიერთობით, კრედიტების გადავადების დაპირბება წინასაარჩევნოდ ყველაზე დიდი პოლუპარობით სარგებლობს. მაშინ ჩნდება კითხვა, თუ ბიზნესი მსხვილი იქნება თუ მცირე ბანკებით უკმაყოფილოა, თუ მოსახლეობა კომერციული საკრედიტო ინსტიტუტებს აკრიტიკებენ, რატომაღა ვუწოდებთ ამ სექტორს წარმატებულს?

სამწუხაროდ, ეროვნული ბანკი ბანკების ლობირებით უფროა დაკავებული ვიდრე ქართული საზოგადოების ინტერესების დაცვით. დღევანდელი საბანკო სექტორი ეკონომიკას იმაზე ბევრად დიდ ზარალს აყენებს, ვიდრე მისი საქმიანობით ჩვენ შეიძლება რაიმე სარგებელი მივიღოთ. ასე რომ, დღეს ქართული ბანკებს ეკონომიკისთვის უფრო მეტი ზიანი მოაქვთ, ვიდრე სარგებელი.

მერაბ ჯანიაშვილი