ზაფხულის საკურორტო სეზონი 2017 – სიახლეები და მოლოდინები

თბილისი (BPI) – ტურიზმის ეროვნულმა  ადმინისტრაციამ ზაფხულის სეზონისთვის მზადება დაახლოებით ორი თვეა დაიწყო. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზაფხულის სეზონისთვის მარკეტინგულ კამპანიას 14 ქვეყანაში ახორციელებს, რისთვისაც ჯამში 7.5 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება, ინტერნეტ რეკლამირებისთვის შერჩეული 8 პლატფორმიდან 4 რუსული ვებ-გვერდია.

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, რომ ზაფხულის მარკეტინგული კამპანიის მომზადებაში Google აქტიურად იყო ჩართული, მათ შორის დაგეგმვაში, ანალიზსა და ქართველ სპეციალისტებთან კონსულტაციაში.

„Google-ის სპეციალისტებთან ერთად მოხდება განხორციელებული აქტივობების შედეგების ანალიზიც. შარშან კი Google-მა მონაწილეობა მიიღო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ჩატარებულ ციფრული მარკეტინგის პირველ საერთაშორისო კონფერენციაში – TOUCH“, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, ინტერნეტ კამპანია შემდეგ ქვეყნებში განხორციელდება: რუსეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, გერმანია, იტალია, ისრაელი, უკრაინა, პოლონეთი, ბელორუსი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქეთი, სომხეთი, ლიტვა, ლატვია. მისივე თქმით, აღნიშნულ ბაზრებზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის რეკლამირება მოხდება. მათ შორის საზღვაო და სამთო კურორტების, ბუნების , ღვინის, სამზარეულოს, კულტურის, ინფრასტრუქტურის და სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაცია.

როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, ზაფხულის მარკეტინგული კამპანია ხელს შეუწყობს საქართველოს შესახებ ინტერესის ზრდას, რაც ტურისტების ნაკადზე აისახება.

“2016 წელი რეკორდული მაჩვენებლით დასრულდა და მოგზაურების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია (6, 350 , 825) , ზრდის ტენდენცია 2017 წელსაც გაგრძელდა და პოზიტიური მაჩვენებლები დაფიქსირდა იანვრის (ტურისტები + 32,4 %) და თებერვლის (ტურისტები + 16,4%) თვეშიც. დარწმუნებული ვართ, რომ ზაფხულიც არანაკლებ წარმატებული გვექნება, ამისთვის კი სამზადისს და აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას უკვე ვიწყებთ,“ – ასეთია გიორგი ჩოგოვაძის პოზიცია.

Caucasus business Week-ი დაინტერესდა, რა მოლოდინები არსებობს წელს საქართველოს კურორტებზე.

„ზაფხული იწყება აქ“ – ამ სლოგანით ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად 9 ივნისს გაიხსნა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე მასმედიასთან ურთიერთობის საკითხებში  მერი ემირიძე განმარტავს, რომ აჭარა ტურისტული სეზონისთვის მზად არის. მისი თქმით, წელს აჭარა სეზონს 5 ახალი მიმართულებით ხვდება.

დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარა ზაფხულის ტურისტული სეზონს სიახლეებით ხვდება. 2017 წლის ტურისტულ სეზონზე სტუმრებს რეგიონში ახალი სასტუმროები, განახლებული საპლაჟო ინფრასტურა, გაზრდილი საჰაერო ფრენები და მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტები დახდებათ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით,  სიახლეა ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების კუთხითაც. წელს, პირველად მთიან აჭარაში სტუმრებს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების გადამზადებული პერსონალი მოემსახურება. ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში 207 მეპატრონემ ტრენინგები მომსახურებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების ფუნქციონირების საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით გაიარეს.

გარდა ამისა, ბათუმსა და მთიან აჭარაში მოგზაურობითა და დასვენებით დაინტერესებულ ტურისტებს სრულყოფილ ტურებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტსა და ტურისტული პროდუქტების სააგენტოში გადამზადებული გიდები შესთავაზებენ.

საჰაერო ფრენების გაზრდილი რაოდენობით ხვდება ტურისტულ სეზონს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიც. 2017 წლის, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმის მიმართულებით ფრენებს 7 ახალი ავიაკომპანია გეგმავს. Fly Dubai, Wings of Lebanon, Anda Air, Small Planet Airlines, Nordavia, Nordstar Airlines და Severstal ფრენებს დუბაიდან, ბეირუთიდან, ვარშავიდან, კიევიდან, მოსკოვიდან, ჩერეპოვეციდან და ს. პეტერბურგიდან იწყებს.

Tav Georgia-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ჯამში ბათუმის მიმართულებით 22 ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს ისრაელიდან, ირანიდან, რუსეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, ბელარუსიიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ამას დაემატება ჩარტერული რეისებიც.

სიახლეა რეგიონში ახალი განთავსების ობიექტების გახსნის მხრივაც. არსებულ 348 რეგისტრირებულ ობიექტს 4 ახალი – სასტუმრო Sky Tower, ვინთემი, „ირე პალასი” და ,,ბლექ სიი ჰოსტელი” შეემატა. შესაბამისად, აჭარაში რეგისტრირებული საწოლი ადგილების რაოდენობა 18,950-მდე გაიზარდა.

განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება სეზონს რეგიონის ტურისტულად მიმზიდველი ადგილები: ბათუმის ბულვარი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბათუმის დელფინარიუმი.

ბულვარში, ტურისტებს ერთ სტილში მოწყობილი საპლაჟო სექტორი დახვდებათ, თავისი საშხაპეებით, გასახდელებით, ერთნაირი შეზლონგებითა და სანაპიროზე ჩასასვლელი ბილიკებით.

სიახლე დახვდებათ მატარებლით ჩამოსულ ტურისტებსაც. მათ ბათუმი ცენტრალში ახლადგახსნილ საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრში აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეეძლებათ. აჭარაში დამზადებულ სუვენირებს, პროდუქტებსა და მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით კონკრეტულ ტურებსაც ისინი ადგილზე შეიძენენ.

2017 წლის ზაფხული კულტურული და გასართობი პროგრამების მრავალფეროვნებითაც გამორჩეული იქნება. ქალაქი უმასპინძლებს ყველა იმ საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც ბათუმთან ასოცირდება: შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი, ანიმაციური ფილმების ფესტივალი “თოფუზი”, კლასიკური მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი და შემოდგომაზე საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოსაზიდად მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიებს წელს 16 სამიზნე ქვეყანაში ანხორციელებს. შესაბამისად, რეგიონში ტურისტების რაოდენობის ზრდასაც აღნიშნული ქვეყნებიდან ელოდებიან.

ბაკურიანის გამგებელი გოჩა გობრონიძე განმარტავს, რომ  წელს ბაკურიანი  გასულ წელთან შედარებით ტურისტების  რაოდენობის ზრდას ელოდება. მისი თქმით, ამ ეტაპზე რეგიონში მიმდინარეობს მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლის მშენებლობაც სეზონის დაწყებამდე დასრულდება.

„წელს მოეწყო ველობილიკები, მოასფალტდა 14 შიდა გზა. კეთდება ტრიტუარები და გარე განთებები. ამ დროისთვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით მიმდინარეობს“-აცხადებს გობრონიძე.

მისი განმარტებით, ბაკურიანში საკურორტო სეზონი 10 -15  ივლისს დაიწყება.

გობრონიძის განმარტებით, ბაკურიანში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს სასტუმროების და სხვა გასართობი ობიექტების მშენებლობებიც. „წელს ტურისტების გაზრდილ რაოდენობას ველოდებით, რადგან უფრო მეტი გასართობი იქნება, უფრო მეტად კეთილმოწყობილი იქნება ბაკურიანი“-აცხადებს გობრონიძე.

ტურისტების რაოდენობის ზდას ელოდებიან რაჭაშიც. მხარის გუბერნატორი  პაპუნა მარგველიძე   განმარტავს,რომ ამის მიღწევა წელს ამბროლაურის აეროდრომის გახსნის შედეგადაა შესაძლებელი. მისი თქმით, რამდენიმე დღეში დაემატება ახალი ავიარეისები, რომლის შემდეგაც ამბროლაურის აეროდრომში ფრენები კვირაში 3 -ჯერ განხორციელდება.

„ეს ფაქტი ძალიან კარგი იქნება ჩვენი რეგიონისთვის. გარდა ამისა, კეთდება ინფრასტრუქტურა. მათ შორის, შოვისკენ მიმავალ გზა, რომელიც ხელს შეუწყობს ტურისტების ნაკადების ზრდას“-აცხადებს მარგველიძე.

მისი განმარტებით, წელს რაჭაში   რამდენიმე  საოჯახო ტიპის  ახალი სასტუმრო გაიხსნა. ასევე კეთება საოჯახო მარნები და ვითარდება საოჯახო ტურიზმი.

მარგველიძე აცხადებს, რომ რაჭაში სეზონი უკვე დაწყებულია და რეგიონი უკვე მასპინძლობს ტურისტებს.

მესტიის გამგებელი კახა ჟორჟოლიანი განმარტავს, რომ სვანეთი ტურისტებს მუდმივად მასპინძლობს.  მისი თქმით, ზამთრის სეზონი 10 ივნისს დასრულდა და ამავე დღეს დაიწყო ზაფხულის სეზონიც.

მისი განცხადებით, წელს მესტიაში დამატებით 30-40 ახალი საოჯახო სასტუმრო დაიწყებს ფუნციონირებას. „ამაში ხელს გვიწყობს „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამა“-აცხადებს ჟორჟილიანი.

მისი განცხადებით, წელს სვანეთი განახლებული ტურისტული  მარშრუტით ხვდება. მისი თქმით, საუბარია ჭუბერიდან უშგულამდე  საფეხმავლო 120 კილომეტრიან მონაკვეთზე. ჟორჟოლიანის განცხადებით, რამდენიმე კვირაში  მესტიაში გაიხსნება  ნაგავსაყრელიც, რომელიც ამ მხრივ  კურორტზე არსებულ პრობლემებს მოაგვარებს.