უწყებების გაერთიანება საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის მიღების შემდეგ მოხდება

თბილისი (BPI) – მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის განმარტებით, მთავრობის ახალი შემადგენლობა უწყებების შერწყმა-გაერთიანების შემდეგ დაინიშნება. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, უწყებების გაერთიანებაზე კანონპროექტს მთავრობა უახლოეს სხდომაზე განიხილავს და შემდეგ პარლამენტში გადაიგზავნება განსახილველად.

აღნიშნა, რომ მთავრობა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს და საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პირველ ეტაპზე განხორციელდება, იმ ოდენობაში ჯდება, რომ ნდობის საკითხი პრობლემად არ დადგეს.

მთავრობის საპარლამენტო მდივანი განმარტავს, რომ ამის შემდეგ დაინიშნება მთავრობის ახალი შემადგენლობა და პრემიერი მთავრობის ახალი შემადგენლობით პარლამენტის ნდობის განსაახლებლად პარლამენტის მოსმენებში მიიღებს მონაწილეობას. შემდეგ კი გაერთიანებულ სამინისტროებში კანონით დადგენილი წესით ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის პროცესი განხორციელდება.

თადუმაძე ვარაუდობს, ახალ მთავრობას პარლამენტი ნდობას წლის ბოლომდე გამოუცხადებს.