უმსხვილესმა ბრიტანულმა კომპანია Standard Life Aberdeen–მა BGEO GROUP-ის 5% შეიძინა

თბილისი (BPI) – აქტივების მართვის ბრიტანულმა  კომპანიამ Standard Life Aberdeen -მა BGEO GROUP  -ის წილი შეიძინა.

ბრიტანული კომპანია  FTSE 250 -ში შესული BGEO-ს დაახლოებით 2 მლნ აქციას ფლობს, რაც ჰოლდინგის მიერ განთავსებული აქციების (39.4 მლნ) 5%-ია. გარიგების შესახებ 13 ნოემბერს გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, საქართველოში საბანკო და საინვესტიციო ჯგუფმა დაგეგმილი რესტრუქტურიზაციის წინ „კარგ პოზიციონირებაზე“ განაცხადა. როგორც ცნობილია, 2018 წლის პირველი ნახევრისთვის,  BGEO  საბანკო და საინვესტიციო ბიზნესების გაყოფისთვის  ემზადება და ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2 დამოუკიდებელი კომპანიის სახით იქნება წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ  Standard Life Aberdeen 2017 წლის აგვისტოში, ორი ლიდერი კომპანიის Standard Life plc და Aberdeen Asset Management PLC -ით შერწყმით შეიქმნა. კომპანიის სათაო ოფისი შოტლანდიაში მდებარეობს. მსოფლიოს მასშტაბით 50 ოფისი აქვს. არის დიდ ბრიტანეთში პირველი და ევროპაში სიდიდით მეორე აქტივების მართვის კომპანია.

gbc.ge