თვითმმართველობის არჩევნები 2017 – რჩევები ახალი მერისთვის

თბილისი (BPI) – თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა ნაკლები ბიუროკრატიით. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კახა კალაძემ სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა, რომ მისთვის მთავარია ნაკლები ბიუროკრატია. მისი განცხადებით, მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა, ჩვენი ქალაქის მოსახლეობას უნდა ემსახურებოდეს, ნაკლები ბიუროკრატია, მეტი ინოვაცია და მეტი თანამედროვეობა, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, კალაძე ამბობს, რომ ეს აუცილებლად იქნება.

„საკადრო ცვლილებები, რა თქმა უნდა, იქნება და ჩვენს გუნდში პროფესიონალები იმუშავებენ. მერიაში არის ბევრი ისეთი ადამიანი ვინც კომპეტენტურია, პროფესიონალია“, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.
Caucasus business week-ი დაინტერესდა, რას ურჩევენ და რა მოლოდინები აქვთ ბიზნესმენებს და ეკონომიკის ექსპერტებს თბილისის ახალი მერისგან?

აღმოჩნდა, რომ ბიზნესმენების ძირითადი ნაწილი თბილისის მომავალ მერს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას და ბიუროკრატიის შემცირებას ურჩევდა. მეორე რჩევა, რომელსაც ბიზნესმენები თბილისის მომავალ მერს ურჩევდნენ – თბილისის მერიის სისტემაში მომუშავე პირების კვალიფიკაცია იყო. შემდეგ იყო – თბილისისბიუჯეტის გაზრდა,საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, ეკოლოგია,K2 კოეფიციენტის და „ხრუშჩოვკების“ პრობლემის გადაწყვეტა.

ავიაკომპანია „აირზენას“ დამფუძნებლის, თამაზ გაიაშვილის განცხადებით, დედაქალაქში წლების განმავლობაში არანაირი საკითხი პრაქტიკულად არ წყდება. როგორც გაიაშვილი აცხადებს, დედაქალაქის მერიაში არსებული საბჭოები ზედმეტი რგოლებია და გასაუქმებელია.

გაიაშვილი თბილისის მომავალ მერს სატრანსპორტო პოლიტიკის გადახედვასაც ურჩევს. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში დედაქალაქში ტურიზმის და ბიზნესის განვითარებას ხელი შეეძლება.

„რაც ქალაქში ხდება ეს წარმოუდგენელია. ცენტრალურ ქუჩებში დადის ასობით მიკროავტობუსი, რომელიც კონგოს გარდა არსად არ მინახავს. ეს სასწაულია. მოუწერიგებელია ტაქსების ბიზნესიც. არ არის დაცული ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებაც. ასეთ ტაქსებს არ აქვთ არც დაზღვევა, არც მგზავრის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მოსაგვარებელია“ – აცხადებს გაიაშვილი.

კომპანია „გლობალ უნი გრუპის“ ხელმძღვანელ ლაშა ჟვანია თბილისის მომავალ მერს ბიუროკრატიის შემცირებას და თანამდებობებზე კომპეტენტური კადრების დანიშვნას ურჩევს. მისი განცხადებით, ახალმა მერმა უფრო მეტი თამამი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. „ძალიან ხშირად პოლიტიკოსები კრიტიკას და მათ შორის, უსაფუძვლოს, მძაფრად აღიქვამენ. ამიტომ, ცდილობენ ამას თავი აარიდონ და უფრო ფრთხილი გადაწყვეტილებები მიიღონ. ამის გამო დიდი ხანი ფიქრობენ, ეს კი ინვესტიციებს აფერხებს. როდესაც მომავალი მერი უფრო თამამ გადაწყვეტილებებს დროულად მიიღებს, ეს ქალაქის განვითარების პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს“ – აცხადებს ჟვანია.

ბიზნესმენ,“ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი იაშვილის განცხადებით, მოსაგვარებელია სანებართვო სისტემების გაცემის თემა და კარგი იქნება, თუ თბილისის მომავალი მერი არ საკითხით დაინტერესდება. იაშვილის განცხადებით, მერიაში მოსაგვარებელია მენეჯმენტი და ახალი მერი აუცილებლად „ერთი ფანჯრის პრინციპზე“ უნდა გადავიდეს. „ერთი და იგივე საკითხზე მერიის ერთი უწყება გაძლევს პასუხს და ნებართავს, მეორე – არა. ანუ, მოსაგვარებელია მენეჯმენტი, და აუცილებელია ოპტიმიზაცია“ – აცხადებს იაშვილი.
ირაკლი იაშვილი თბილისის მომავალ მერს ქალაქში სატრანსპორტო პრობლემის მოგვარებასაც ურჩევს. მისი თქმით, დედაქალაქში აუცილებელია აიკრძალოს სამარშრუტო ტაქსების და კერძო ტაქსების მოძრაობა. იაშვილი აცხადებს, რომ დღეს თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკა აბსოლუტურად უსისტემოდაა და კარგი იქნება, თუ თბილისის მომავალი მერი ამას დაალაგებს.

„ჯი დი ჯის“ დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე მომავალ მერს ბიუროკრატიული ბარიერების გამარტივებასაც ურჩევს. მისი მტკიცებით, ბიუროკრატია ყველგანაა და ასე უნდა იყოს სამშებენლო სფეროშიც, თუმცა, ეს ბიუროკრატიული პროცესები სწრაფი ტემპით უნდა გვარდებოდეს. მისი განცხადებით, თბილისის მომავალი მერი ე.წ. ხრუშჩოვკებით უნდა დაინტერსებასდეს. „ კარგი იქნება, თუ დაინგრევა ეს ძველი კორპუსები და მის ნაცვლად ახალი, თანამედროვე ტიპის მშენებლობები დაიწყება“-აცხადებს წაქაძე.
დეველოპერი მომავალ მერს K2 კოეფიციენტის საკითხის გადაწყვეტასაც სთხოვს. „ჯი დი ჯის“ ხელმძღვანელი ბეჟან წაქაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში ეს პრობლემა მისახედია.
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი თბილისის მომავალ მერს მერიის არქიტექტურულ საბჭოში გამოცდილი უცხოელი წევრების შეყვანას ურჩევს. „მერიის არქიტექტურულ საბჭოში მომავალმა მერმა უნდა მოიყვანოს ძალიან გამოცდილი ორი უცხოელი წევრი, მაგალითად, ვინც ფრანკფურტის მერიაში მუშაობდა, ახლა აღარ მუშაობს და რომლის დაქირავებაც ძვირი არ დაჯდება. ეს ადამიანი როგორც კონსულტანტი ისე დაეხმაროს იმ ახალგაზრდებს, ვინც საბჭოში მუშაობს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მინიმუმ ორი ექსპერტი იჯდეს არქიტექტურულ საბჭოში. აღარაფერს ვამბობ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალაქი სწორად ვერ განვითარდება“ – აცხადებს პაპაშვილი. ბიზნესმენი თბილისის მომავალ მერს, გამგებლებისთვის ფართო უფლებების მინიჭებასაც სთხოვს. პაპაშვილის განცხადებით, რაიონების გამგებლებს ფართო უფლებები უნდა ჰქონდეთ. გარდა ამისა, სწორედ გამგებლების პრეროგატივა უნდა იყოს, თითოეული რაიონის დაგეგმვა და უკვე შემდეგ ამ გეგმის მიხედვით განვითარება.

ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ კახა კალაძე გზაგასაყარზე დგას და, შესაბამისად, ორი გზა აქვს: ერთი, რომ ის გაიზარდოს, როგორც ლიდერი და ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკოსად ჩამოყალიბდეს, მეორე – როგორც მის საფეხბურთო კარიერაში იყო, საკუთარ კარში გაიტანოს ორი გოლი.

„ყველა ადამიანს აქვს თავისი შანსი. როგორ გამოიყენებს კახა კალაძე თავის შანსს, მე არ ვიცი და ვერაფერს გეტყვით. იქიდან გამომდინარე, თუ ქვეყანასა და დედაქალაქში ყველაფერი კარგად იქნება, ამ სიკეთით ვისარგებლებ. მე, რა თქმა უნდა, მინდა, რომ ის იყოს წარმატებული. ამას რამდენად მოახერხებს, დრო გვაჩვენებს“-აცხადებს ხუხაშვილი.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 23 ოქტომბრის მდგომარეობით, კახა კალაძემ დედაქალაქის მერის არჩევნებში 51.13% მიიღო.

თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართა.