“თეგეტა მოტორსი“ ბორჯღალოსნების პარტნიორია

თბილისი (BPI) – კომპანია „თეგეტა მოტორსი“ და „საქართველოს რაგბის კავშირი“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.

მემორანდუმის თანახმად, რომელსაც მხარეები დღეს (14:30 საათზე, „საქართველოს რაგბის კავშირში“) გააფორმებენ, “თეგეტა მოტორსი” საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების პარტნიორი გახდება.

“მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება ხელი შევუწყოთ და მცირედი წილი შევიტანოთ რაგბის ეროვნული ნაკრების წარმატებულ მოღვაწეობაში. ხელი შევუწყოთ რაგბი გახდეს ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი და გაძლიერდეს მისი პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ბორჯღალოსნებს წინ მნიშვნელოვანი სპორტული შეხვედრები ელის და დარწმუნებული ვართ, რომ მორიგ დიდ წარმატებას მიაღწევენ“ – აცხადებენ კომპანია „თეგეტა მოტორსში“.

“თეგეტა მოტორსს” 22 წლიანი წარმატების ისტორია აქვს. ის ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში. კომპანია წარმოდგენილია ასევე ამიერკავკასიის ბაზარზე.

„საქართველოს რაგბის კავშირი მიესალმება კერძო სექტორის მხრიდან ყოველგვარ ჩართულობას და მხარდაჭერას. კომპანია „თეგეტა მოტორსის“ დაინტერესება არის კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ქართულ სპორტში ინვესტიციების მოზიდვა მნიშვნელოვანია მისი განვითარებისთვის. მოხარულები ვართ, რომ კომპანია „თეგეტა მოტორსი“ დღეიდან ჩვენი პარტნიორია და ხელს შეუწყობს ეროვნული ნაკრების განვითარებას,“ – აცხადებენ „საქართველოს რაგბის კავშირში“.