Tech4Good-ის ფარგლებში NGO-ებისთვის $1 მლნ-ის ინვესტიცია გამოიყო

თბილისი (BPI) – Microsoft-ისა და საერთაშორისო ორგანიზაცია PH International-ის ორგანიზებით არასამთავრობო სექტორს განვითარება-გაძლიერების შესაძლებლობა ეძლევა. პროექტ Tech4Good-ის ფარგლებში 70 000-ზე მეტი არაკომარციულ-არასამთავრობო ორგანიზაცია 1 მლრდ დოლარის სერვისს უფასოდ მიიღებს.

პროექტის პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ Tech4Good-ის ინიციატივის ფარგლებში, საქართველოში, 2010 წლიდან დღემდე 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე მიიღო Microsoft-ის უფასო პროდუქტები. ჯამში,  მხოლოდ საქართველოს მასშტაბით 600 000 დოლარის ქლაუდ სერვისი და სოფტი გაიცა უფასოდ არაკომერციულ-არასამთავრობო სექტორზე. წელს კი ინიციატივის ფარგლებში უკვე 288 000 დოლარის პროდუქციაა უფასოდ მიწოდებული.

პრეზენტაციაზე სტუმრებმა სექტორის წარმომადგენლებს გაუზიარეს უკვე მიღებული გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს არასამთავრობო სექტორმა შეთავაზებული ინოვაციური მომსახურება და მიიღოს ახალი სერვისი ფასდაკლების სისტემით ან სრულიად უსასყიდლოდ.

ღონისძიებაზე Microsoft-ის წარმომადგენებმა ისაუბრეს  Microsoft Azure-ის შესახებ,  რომელიც საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს ჰქონდეთ საკუთარი მონაცემთა ცენტრები (სერვერები); შეხვედრაზე ასევე, წარმოდგენილი იყო კომპანიის ახალი პროდუქტი, რომელიც ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს ეკონტაქტონ დონორებს და საზოგადოებას კიდევ უფრო ეფექტური საშუალებებით. განხილულ იქნა ასევე Office 365-ის შესაძლებლობებიც, რომელიც უზრუნველყოფს Outlook, Word, Excel და Power Point-ის ონლაინ ვერსიების ონლაინ გამოყენებას.

Tech4Good-ის ღონისძიება თბილისში ორგანიზებულია Microsoft-ის მიერ, PH International-თან პარტნიორობით, რომელიც საერთაშორისო ლიდერია ეფექტური და მაღალხარისხიანი პროგრამების მიწოდებით და საქართველოში აქტიურად მუშაობს 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.