თბილისში საავიაციო კანონმდებლობის ევროსტანდარტებთან დაახლოების შედეგებს შეაჯამებენ

თბილისი (BPI) – სასტუმრო “თბილისი მარიოტში” 13 სექტემბერს, 13:00 საათზე გაიმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის – “საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან” დახურვის ოფიციალური ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკის, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების („ავსტროკონტროლი”, ხორვატიის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო), საავიაციო ინდუსტრიისა და სხვა პარტნიორი უწყებების წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე მხარეები შეაჯამებენ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას. ევროკავშირის სტანდარტებთან საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოების კუთხით მიღწეული შედეგების შესახებ პრეზენტაციით წარსდგებიან პროექტის ლიდერები და მუდმივი მრჩეველი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტი – “საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან” მიზნად ისახავდა ქვეყანაში მოქმედი საავიაციო კანონმდებლობის სრულყოფასა და მისი ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას, ასევე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლების სტრუქტურულ და ინსტიტუციონალურ გაძლიერებას.

პროექტის ბენეფიციარ ორგანიზაციას იყო სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA). ევროკავშირის მხრიდან პროექტს უძღვებოდნენ: ავსტრიის საავიაციო ხელისუფლება და სააერნაოსნო მომსახურების საწარმო – „ავსტროკონტროლი” და ხორვატიის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (CCAA). პროექტში, ასევე ჩართული იყვნენ გერმანიის სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობის ფედერალურ ორგანოს (BAF) ექსპერტები. პროექტი დაიწყო 2015 წლის ივლისში და მისი ბიუჯეტი 1,23 მილიონ ევროს შეადგენდა.