თბილისში გოლფის კომპლექსი გაიხსნა

თბილისი (BPI) – თბილისში გოლფის კომპლექსი გაიხსნა.

საერთაშორისო პრემიუმ კლასის გოლფ კლუბი The Tbilisi Hills ცნობილი ესტონური კომპანიების Skinest Rail-ს, Kaamos Group-სა და Go Group-ის $20 მლნ-იანი  ინვესტიციით შეიქმნა.

როგორც კომპლექსის გახსნისას პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ესტონური და ქართული ბიზნესების წარმატებული თანამშრომლობის უტყუარი მაგალითი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში განსაკუთრებული ბინზესგარემოს არსებობას.

„ჩვენმა ესტონელმა მეგობრებმა უკვე განახორციელეს 20 მილიონზე მეტი დოლარის ინვესტიციები ამ პროექტში. მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში ისინი გეგმავენ კიდევ 250 მილიონი დოლარის ინვესტიციების განხორციელებას სხვადასხვა ნაგებობისა და ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურის ასაშენებლად, გზების, ენერგეტიკული და საირიგაციო სისტემების ჩათვლით. ეს გოლფის კლუბი განლაგებული იქნება 57 ჰექტარზე. ეს ახალი ინვესტიციები შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და საქართველოში მოიზიდავს ტურისტებსა და გოლფის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოში არსებული ძალიან კარგი ეკონომიკური გარემოს ნათელი მაგალითი უწოდა კომპლექსის გახსნას ესტონეთის პრეზიდენტმა. კერსტი კალიულაიდის შეფასებით, პროექტის ინვესტორი კომპანიები როგორც ესტონეთის, ისე საქართველოს მასშტაბებით, საკმაოდ მსხვილია, რომლებსაც კარგი საინვესტიციო გარემო სჭირდებათ.

„ეს გოლფის კლუბი ფინელმა არქიტექტორმა დააპროექტა. ასე რომ, ეს არის საერთაშორისო წამოწყება, რაც ძალიან სიმბოლურია – ჩვენ ყველას გვსურს საქართველოს წინსვლაში წვლილის შეტანა, ასევე გვსურს ჩვენი ევროპელი პარტნიორების ჩამოყვანა, რათა მათაც შეიტანონ წვლილი საქართველოს განვითარებაში. სწორედ ეს არის ამ პროექტის კიდევ ერთი მიმართულება”, – განაცხადა ესტონეთს პრეზიდენტმა.

გოლფის კომპლექსის არქიტექტურა და დიზაინი ცნობილ ფინელ არქიტექტორს, „ტილანდერ გოლფ დიზაინის” წარმომადგენელს, ლასსი პეკა ტილანდერს ეკუთვნის. ცნობილი დიზაინერის ჯგუფის ბევრი პროექტი ევროპის კონტინენტზე საუკეთესო გოლფის კლუბების სიაში შედის.