თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლასა და საბავშვო ბაღს ახალი კამპუსი აქვს

თბილისი (BPI) – თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლასა და საბავშვო ბაღს ახალი შენობა აქვს. სასკოლო კამპუსი 2017-2018 სასწავლო წელს სკოლის 116 მოსწავლესა და საბავშვო ბაღის 60 აღსაზრდელს სთავაზობს ადგილს.

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა 2010 წელს გერმანელი და ქართველი მშობლების ინიციატივით დაარსდა. საქართველოს მთავრობამ 2014 წელს სკოლის კავშირს ტერიტორია გადასცა გერმანულ საგანმანათლებლო დაწესებულების ასაშენებლად. მშენებლობა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა.

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა ერთ-ერთია მსოფლიოში არსებული საზღვარგარეთის 140 გერმანული სკოლიდან, რომლებსაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს. იგი საქართველოში მოსწავლეებს სთავაზობს სასკოლო განათლებას გერმანულ ენაზე გერმანული სასწავლო გეგმითა და გერმანული ატესტატით.

სკოლა პარალელურად ინტეგრირებულია საქართველოს განათლების სისტემაში და გააჩნია სახელმწიფო ავტორიზაცია. იგი ღიაა ბავშვებისთვის როგორც გერმანულენოვანი სახელმწიფოებიდან, ასევე საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან.